სოციალური მედიის გიგანტი კომპანია, ფეისბუქი პირველად 18 წლის არსებობის ისტორიაში აცხადებს,რომ მისი ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა მცირდება.
ფეისბუქის მფლობელმა კომპანიამ, მეტა ნეთვორქმა განაცხადა, რომ მომხმარებელთა რაოდენობა 2021 წლის ბოლო კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 1.930 მილიარდიდან 1.929 მილიარდამდე შემცირდა.
კომპანია ასევე აცხადებს, რომ შემოსავლების ზრდა შენელდა. ამის მიზეზი TikTok–ის და YouTube–ის მხრიდან კონკურენციაა, გარდა ამისა რეკლამის დამკვეთები ხარჯებს ამცირებენ.
მეტას წილი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დახურვის შემდეგ 20%–ზე მეტად დაეცა. მეტას აქციების ფასის ვარდნამ კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 200 მილიარდი დოლარით შეამცირა.
გაფართოებული ვაჭრობის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა სხვა სოციალური ქსელების, მათ შორის Twitter, Snap and Pinterest–ის აქციებიც.
ფეისბუქის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კომპანიის გაყიდვების ზრდა იმის გამო შენელდა, რომ აუდიტორია, განსაკუთრებით ახალგაზრდა მომხმარებლები მათ კონკურენტებთან წავიდნენ.
მეტა, რომელიც გუგლის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდ ციფრულ სარეკლამო პლატფორმას ფლობს, აცხადებს, რომ ეფლის საოპერაციო სისტემაში კონფიდენციალობის პარამეტრების შეცვლის შემდეგ დაზარალდა.
მეტას ფინანსური დირექტორის, დეივ ვენერის თქმით, ამ ცვლილებებმა რეკლამის დამკვეთებისთვის ფეისბუქზე და ინსტაგრამზე რეკლამის მიზნობრიობის განსაზღვრისა და შედეგების გაზომვის შესაძლებლობები შეამცირა. ამის გამო კომპანია წელს სავარაუდოდ 10 მილიარდ დოლარს დაკარგავს.
მეტას შემოსავლების უდიდესი ნაწილი სარეკლამო გაყიდვებზე მოდის და ის გასულ პერიოდში 33.67 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რამაც საბაზრო პროგნოზებს გადააჭარბა.
თუმცა მომავალ კვარტალში კომპანია 27–29 მილიარდიან შემოსავალს ვარაუდობს, რაც უფრო ნაკლებია, ვიდრე ანალიტიკოსები ფიქრობდნენ.
მართალია კომპანია საკუთარი ფინანსების ინვესტირებას ვიდეოშიც ახდენს, რომ ტიკ ტოკთან კონკურენცია შეძლოს, თუმცა ამ თვალსაზრისით ის ბევრად ნაკლებ ფულს შოულობს, ვიდრე თავის ტრადიციულ–ნიუსფიდზე განთავსებაში შოულობდა.
ცუკერბერგი ამბობს, რომ დარწმუნებულია, ვიდეოში და ვირტუალურ რეალობაში ჩადებული თანხები გაამართლებს, ისევე როგორც წარსულში დადებულმა ფსონებმა გაამართლა – მობილურ რეკლამებზე და ინსტაგრამ სთორიში განთავსებულ რეკლამაზე.
მაგრამ ის აღნიშნავს, რომ წინა ცვლილებების დროს მათ არ უწევდათ მსხვილ კონკურენტებთან ბრძოლა.
“გუნდი კარგად მუშაობს და პროდუქტი საკმაოდ სწრაფად მიდის წინ. უბრალოდ ამ სიტუაციაში უნიკალური ის არის, რომ ტიკ ტოკი ძალიან მსხვილი კონკურენტია და ისიც აგრძელებს სწრაფი ტემპით ზრდას“– ამბობს ის.
არსებობის მანძილზე ფეისბუქი მუდმივად მზარდი პლატფორმა იყო. ყოველი კვარტალი წინაზე უკეთესი იყო გლობალური ციფრების თვალსაზრისით, თუმცა ბოლო წლებში აშშ–სა და ევროპაში მისი ზრდა შეჩერდა. ეს ნაკლებად თვალშისაცემი იყო დანარჩენ მსოფლიოში მომხმარებლების რაოდენობის ზრდის გამო.
თუმცა უკვე ცხადია, რომ ფეისბუქი აღარ არის ისეთი პოპულარული ახალგაზრდებს შორის, როგორც ადრე იყო. ის თავადვე აღიარებს, რომ მათ ბიზნესს ტიკ ტოკმა დიდი დარტყმა მიაყენა.
თუმცა, არის სხვა მიზეზებიც, რომელთა გამო ინვესტორები მეტას მომავალს ეჭვით უყურებენ. კომპანიამ საკუთარი სახელწოდება იმიტომ შეცვალა, რომ მეტასამყაროზე კონცენტრირება გადაწყვიტა, თუმცა მეტა ჯერ ახლოსაც არ არის მეტასამყაროს შექმნასთან, ამ ეტაპზე ეს აუსრულებელი ოცნებაა.
მის შესაქმნელად კომპანია მილიარდობით დოლარს დებს, რადგან ცუკერბერგი თვლის, რომ ამაზე მოთხოვნა არსებობს. თუმცა, არსებობს უზარმაზარი რისკი.
განიხილება ვერსია იმის შესახებ, რომ მეტამ შეიძლება ტიკ ტოკი შეიძინოს, თუმცა აშშ–ს მარეგულირებელი ორგანოები ამას არასოდეს დაუშვებენ კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის გამო.
სილიკონის ველზე ბევრი ფეისბუქს შხამიან ბრენდად თვლის. ეს კომპანია ნამდვილად აღარ არის ისეთი მაგარი ადგილი სამუშაოდ, როგორც ათი წლის წინ იყო. ეს კი ახალი ნიჭიერი ადამიანების კომპანიაში მოზიდვას ართულებს.
მეტას მომავალში სერიოზული პრობლემები ელის და ბოლო თვეების კლება ანალიტიკოსების აზრით შესაძლოა მხოლოდ ამ პრობლემების ჯაჭვის დასაწყისი იყოს.