ფეისბუქმა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის შესახებ აპრილის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ მათი გამოძიების შედეგად საქართველოში კოკა ყანდიაშვილის Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ ანგარიში წაშალა. ეს გამოცემა დაიბლოკა Facebook-ის მფლობელობაში მყოფი პლატფორმებიდან. ამ გვერდებისა და კავშირების დასადგენად ფეისბუქი DFRLab-ის გამოძიების შედეგებს დაეყრდნო.
“ჩვენ წავშალეთ 511 გვერდი, 101 ანგარიში 122 გუფი და ინსტაგრამის 56 ანგარიში. ეს საქმიანობა, რომელიც საშინაო საქმეებზე იყო ორიენტირებული საქართველოში ხორციელდებოდა. ჩვენმა გამოძიებამ ეს ქსელი Espersona–ს დაუკავშირა, რომელიც საქართველოში არსებული მედია ფირმაა. ეს ორგანიზაცია ახლა ჩვენს პლატფორმებზე აკრძალულია . ჩვენი გამოძიების ფარგლებში აღმოვაჩინეთ, რომ მისი მოღვაწეობა საეჭვო კოორდინაციაში იყო არაავთენტურ ქცევასთან, რაც საჯაროდ იქნა გაცხადებული ადგილობრივი ქართული ფაქტ ჩექინგის ორგანიზაციის მიერ და გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ჩვენს წარსულ გამოძიებასთან.
ჩვენ ასევე გავაუქმეთ 23 ფეისბუქ ანგარიში, 80 გვერდი, და ინსტაგრამის 9 ანგარიში, რომლებიც საქართველოს საშინაო საქმეებთან იყო დაკავშირებული და საქართველოში ხორციელდებოდა. ჩვენმა გამოძიებამ ეს ქსელი პოლიტიკურ პარტია ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირდა. გამოძიების ფარგლებში ჩვენ საეჭვოდ და არაავთენტურ ქცევად ჩავთვალეთ ეს საქმიანობა.
ჩვენ წარმატებას ვაღწევთ პლატფორმის ბოროტად გამოყენების აღმოფხვრის საქმეში. ეს მუდმივი ძალისხმევაა. ვცდილობთ მუდმივად წინ წავიდეთ. ეს ნიშნავს უფრო თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნას, უფრო მეტი ადამიანის აყვანას და უფრო მჭირდრო თანამშრომლობას სამართალდამცავებთან, უსაფრთხოების ექსპერტებთან და სხვა კომპანიებთან.“ –ნათქვამია ფეისბუქის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, კოორდინირებული ქმედებების უკან მდგომი პირები ფიქციური პერსონების შესაქმნელად, ოპოზიციის ლიდერებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების განსახიერებისთვის, ჯგუფებისა და გვერდების სამართავად და თავიანთი კონტენტის ფართო მასაზე გასატანად იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, რომელთა ნაწილიც წინა ჯერზე გაუქმდა. ზოგიერთ შემთხვევაში ცხადი იყო, რომ ჯგუფები ნაყიდი იყო (მათ თავდაპირველად სულ სხვა სახელი ერქვათ). მოცემული ჯგუფები ასევე ქმნიდნენ გვერდებს, რომლებიც ჰგავდა ადამიანების პროფილებს და მთავარ ფოტოებად იყენებდნენ სტოკის ფოტოებს, რათა გაევრცელებინათ საკუთარი კონტენტი და თავიდან აერიდებინათ დაბლოკვის რისკი. გვერდების ნაწილი კი მოქმედებდა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება. გვერდების მოდერატორები უმეტესწილად პოსტავდნენ ლოკალურ სიახლეებსა და პოლიტიკურ ამბებზე, როგორებიცაა არჩევნები, პოლიტიკა, მიმდინარე აქციები. ახლახან კი მოცემულმა ანგარიშებმა დაიწყეს COVID-19–თან დაკავშირებული კონტენტის გაზიარებაც, რომელთა ნაწილიც ფეისბუქმა წაშალა, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა მათ შიდა წესებს და შეიცავდა ჯანმრთელობისათვის საზიანო დეზინფორმაციას.
ონლაინ გამოცემა ესპერსონა კოკა ყანდიაშვილს ეკუთვნის.ის ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია და მათ პიარ კონსულტანტადაც მუშაობდა. ამჟამად ფეისბუქზე დაბლოკილია კოკა ყანდიაშვილის პირადი ანგარიშიც.
DFRLab-ის ინფორმაციით , ფეისბუქმა ასევე წაშალა კოკა ყანდიაშვილის ყოფილი ცოლის, ნონა ყანდიაშვილის პერსონალური ანგარიში, რომელიც 2012 წლიდან 2017 წლამდე პრემიერის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ კი საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.
ფეისბუქმა ერთმანეთთან დაკავშირებული გვერდები გასული წლის დეკემბერშიც წაშალა. ფეისბუქმა განაცხადა, რომ ეს გვერდები მარკეტინგულ კომპანია პანდას ეკუთვნოდა, რომელიც ქართულ ოცნებასთანაა დაკავშირებული.