ფერმერები მთავრობას დაწესებული შეზღუდვების შერბილებას სთხოვენ – ღია წერილი

საქართველოს ფერმერები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას და ბიზნესომბუდსმენს მიხეილ დაუშვილს ერთობლივ წერილს უგზავნიან, რომელშიც საგაზაფხულო აგრო სამუშაოების შესრულების პროცესში დაწესებული შეზღუდვების გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ და მათ შერბილებას სთხოვენ.

წერილში ისინი ითხოვენ ავტომობილით გადაადგილების საშვები ფერმერებზე უფრო სწრაფად და მარტივად გაიცეს და ამისთვის ცხელი ხაზი არსებობდეს. ამასთან, დაჩქარებული წესით გაიცეს საშვები ფერმერებზე, რომლებსაც იმ ოთხ დიდ ქალაქში უწევთ გადაადგილება, სადაც შესვლა-გასვლა შეზღუდულია. ისინი მანქანით გადაადგილების დროის გახანგრძლივებასაც ითხოვენ, რათა აგრო-საშუალებების მაღაზიებითა და მექანიზაციის ცენტრებით ისარგებლონ.

,,მოხარულები ვართ ფერმერებისთვის ასეთი გამონაკლისის დაშვებით, თუმცა ფერმერების წინაშე ჯერ კიდევ დგას რამდენიმე მწვავე გამოწვევა, რას საჭიროებს დროულ რეაგირებას. მათ შორის აღსანიშნავია საშვის აღების საკითხი და აგრო-საშუალებებსა და სერვისებზე წვდომა გადაადგილების შეზღუდვების პირობებში. კერძოდ:

• ავტომანქანით ფერმერისა და მუშახელის გადაადგილებისათვის საშვების გაცემა არის უკიდურესად გართულებული.

• ავტომანქანით გადაადგილების დრო (06:00-08:00 და 18:00-19:00 საათებში) და აგრო-საშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მომსახურების საათები არ ემთხვევა ერთმანეთს.

• შორ დისტანციაზე გადაადგილება ვისაც უწევს, მისთვის დილით 2 საათი და საღამოს 1 საათი არ არის საკმარისი, რომ წავიდეს ფერმაზე, ჩაატაროს აგრო-ღონისძიებები და დაბრუნდეს უკან სახლში.

ჩვენი აზრით, ამ პრობლემის სწრაფად მოგვარება შესაძლებელია მოხდეს შემდეგი ღონისძიებების გატარებით:

1) ფერმერებისათვის სპეციალური ეფექტური ცხელი ხაზის შეთავაზებით, რომელიც სწრაფად უზრუნველყოფს გადაადგილების ნებართვის გაცემას (ყოველგვარი რამდენიმედღიანი ლოდინის გარეშე). ეს შეიძლება მიბმული იყოს სოფლის რწმუნებულებზე (ქალაქში ქალაქის მერის თანამშრომლებზე, რათა სრულად დაიფაროს რეგიონებში არსებული ყველა დასახლება), რომლებიც ელექტრონულ საშვთა ბაზას აწარმოებენ და ერთიან ბაზაში გადაუგზავნიან საპატრულო პოლიციას და სხვა შესაბამის უწყებებს ავტომანქანისა და მისი მგზავრების შესახებ ინფორმაციას.

• ასევე, იმ 4 დიდ ქალაქში, სადაც შესვლა-გასვლა შეზღუდულია, ფერმერებისთვის რომლებსაც უწევთ ამ ქალაქებში გადაადგილება, დაჩქარებული წესით მოხდეს მათზე საშვების გაცემა.

2) ავტომანქანით გადაადგილების დრო რამდენიმე საათით გახანგრძლივდეს დილითაც და საღამოთიც, ისე რომ ეს ემთხეოდეს აგრო-საშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მუშაობის საათებს გარკვეული დროით მაინც, რათა ფერმერებმა არა მარტო საკუთარ ფერმამდე/მიწამდე მისვლა შეძლონ, არამედ ქონდეთ საშუალება რომ რეალურად აწარმოონ აგრო-სამუშაოები.

სწორედ ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, რომ ფერმერებისათვის დაწესებული შეზღუდვები შერბილდეს, რათა მათ შეძლონ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი აგრო-სასურსათო პროდუქტების წარმოება და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გარკვეულწილად უზრუნველყოფა”,- წერია ფერმერების წერილში.

მას ხელს აწერენ:

1. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ზამბახიძე
2. საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე – ბექა გონაშვილი
3. რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის (საქრძე) აღმასრულებელი დირექტორი – კახა კონიაშვილი
4. საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრის დირექტორი – ბელა სონღულაშვილი
5. მომავლის ფერმერის თავმჯდომარე – რუსუდან გიგაშვილი
6. ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ირაკლი არჯევანიძე
7. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – თენგიზ სვანიძე
8. ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“ – ალეკო ბაღდაძე
9. ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე – ირინე ფხოველიშვილი
10. ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ლევან სილაგავა
11. საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ხარხელაური“.