ფეხებზე მკიდია თქვენი ბოდიში! რატომ გააბედნიერეთ პედოფილები? – ბაია პატარაია ნიკა გვარამიას

“ფეხებზე მკიდია თქვენი ბოდიში! რატომ გააბედნიერეთ პედოფილები?”- უფლებადამცველი ბაია პატარაია  ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით “მთავარ” არხზე გასული სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.მისი თქმით არხმა პედოფილებს უფასოდ  და უპრობლემოდ მიაწოდა მასალა.

“გუშინ გვიან ვნახე ბავშვთა პორნოგრაფიაზე მთავარი არხი • Mtavari Arkhiს სიუჟეტი. რაც ვნახე, იმას იმდენად არ მოველოდი, რომ ენა ჩამივარდა. ვერც კი გავბრაზდი, უმწეოდ ვიგრძენი თავი. საქვეყნოდ გვაყურებინეთ ბავშვთა პორნოგრაფიას, მუსიკებიც კი ჩაგვირთეთ შესაბამისი და თავზე დაგვაფარეთ ბავშვების ტრაკები…
ერთადერთი კითხვა მაქვს – რატომ?
რა დაგიშავეს იმ ბავშვებმა, რომლებმაც ამოიცნეს საკუთარი თავი და შესაძლოა ერთმანეთიც, და შესაძლოა, მათმა ახლობლემაც ამოიცნეს ისინი?
რა დაგიშავეთ ჩვენ, რომ მუსიკალური გაფორმებით გვაყურებინეთ ბავშვთა პორნოგრაფიას?
რატომ გააბედნიერეთ პედოფილები, რომელთაც სასწაული მასალა მიართვით უფასოდ და უპრობლემოდ, ნუ, ოდნავ გაფუჭებული რეზოლუციით, მაგრამ მაგას როგორმე გადაიტანენ.
რატომ?
რაააატოოოოომ???????????
ფეხებზე მკიდია თქვენი გაპრანჭული ბოდიში!
გამეცით პასუხი კითხვაზე – რატომ?”- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, გუშინ “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ გასული სიუჟეტის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა ისიც რომ გასული სიუჟეტი იყო მძიმე შეცდომა და თავის მართლება უადგილო იქნებოდა.

არხზე გასულ სიუჟეტს კრიტიკა მოჰყვა ბავშვთა უფლებების დამცველების და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან. ქარტიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც არხზე გასული სიუჟეტის ყველა პლატფორმიდან ამოღება მოითხოვა, რადგან არაეთიკურად გაშუქებულმა პრობლემამ ქარტიის აზრით შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვებს:

“2020 წლის 21 ივნისს, ტელეკომპანია მთავარის პროგრამა PostFactum-ში გავიდა სიუჟეტი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე.

სიუჟეტში აჩვენეს კადრები პორნოგრაფიული მასალიდან. მიუხედავად იმისა, რომ შეეცადნენ ბავშვთა სახეების დაფარვას, ვფიქრობთ, გარკვეული პირებისთვის შესაძლებელი გახდა არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება.

ქარტია მიიჩნევს, რომ ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია, თუ მასალა რაიმე ფორმით უკავშირდება სექსუალურ ძალადობას. მედიამ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გააშუქოს ამგვარი შემთხვევები. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი, რადგან ხშირად ვინაობის დადგენა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა დეტალების ამოცნობითაც, რაც ამ შემთხვევაში გამოვლინდა.

მედიის ვალდებულებაა, თავიდან აიცილოს ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოს მას ამბავი, რომელიც ნეგატიურ ემოციებთანაა დაკავშირებული. გამონაკლის შემთხვევად მიიჩნევა რედაქციის დასაბუთება და საჯარო ინტერესი, რასაც მთავარი არხის ეთერში გასული სიუჟეტის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანიამ არ გაითვალისწინა ბავშვთა საუკეთესო ინტერესი და გაავრცელა მასალა, რომელიც, ჩვენი აზრით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მათ.

ქარტია მოუწოდებს ტელეკომპანია მთავარს, ამოიღოს აღნიშული სიუჟეტი გავრცელების ყველა შესაძლო პლატფორმიდან. ასევე მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, არ გაავრცელონ მსგავსი, ბავშვთა ინტერესების დამაზიანებელი ვიდეოკადრები”. – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.