ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ჟურნალისტების კითხვაზე, გაიხსნება თუ არა აგვისტოდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამის თქმა რთულია.
შესაბამისად, ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღი მთავრობას ჯერ არ გადაუწყვეტია.
“დღეს ვერც ამაზე [აგვისტოში ფრენების დაწყებაზე] ვერ გეტყვით, დღეს ზუსტად საბოლოოდ ვერ გეტყვით. მე გეუბნებით იმას, თუ აქამდე რატომ არ გაიხსნა ფრენები და ამის უკან რა ანალიზი დგას. საბოლოო ჯამში სელექტიურად შეიძლება გაიხსნას ისევ, ან/და კონტროლის სხვადასხვა პირობებით,”- განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე 50 ათასი ტურისტიც რომ შემოვიდეს, ეს ეკონომიკისთვის ზღვაში წვეთია, თუმცა შეიძლება კორონავირუსის გავრცელება გამოიწვიოს.
“მაგალითად, ჩვენ სავარაუდოდ 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით, წლის ბოლომდე, რომ 50 ათასი ტურისტი შემოვიდეს ეს არის წვეთი ზღვაში ეკონომიკისთვის. ტურისტების 1%-იც, რომ იყოს დაინფიცირებული ამან შესაძლოა საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ ამ შემთხვევაში სიკეთე და რისკი ვერ ბალანსდება”,– ამბობს ფინანსთა მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საზღვრები საერთაშორისო მიმოსვლისთვის 1 ივლისს უნდა გაეხსნა, თუმცა, თარიღმა გადაიწია. საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა ევროკავშირმა, საპასუხოდ გახსნის თუ არა საზღვრებს მთავრობა, ჯერჯერობით უცნობია.