ფინური გამოცემა Helsingin sanomat წერს, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა.
“ვალტონენმა HS-ს ტელეფონით უთხრა, რომ პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა არა საქართველოს ინიციატივით, არამედ ფინეთის ინიციატივით გაუქმდა გრაფიკის ცვლილების გამო და ამის შესახებ ქართველებს გუშინ ღამით აცნობეს”. – წერს გამოცემა.
„მე იქ მივედი საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების სანახავად. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა გამოხატვის თავისუფლების მიმართ”- ციტირებს გამოცემა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.
ჟურნალისტმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ჰკითხა, რას ფიქრობს საქართველოს მთავრობის რეაქციაზე?
„ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუ როგორ რეაგირებენ ისინი. სამწუხაროდ, აზერბაიჯანში ჩასასვლელად მომიწია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გაუქმება.“ – ამბობს ელინა ვალტონენი.
მანამდე, საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა “გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო გააუქმა”.
ცნობისთვის, გუშინ 14 ოქტომბერს, ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელ X-ზეც დაწერა და განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს მოქალაქეებს.
- „მე ახლა თბილისში, პარლამენტის წინ ვარ, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტები ნელ-ნელა იკრიბებიან. ბევრი ადამიანი მოდის ევროკავშირის, NATO-ს, როგორც ჩანს, ფინეთის და რაც მთავარია, საქართველოს დროშებით. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ გეზით, რომელიც ქვეყანამ აიღო; იმით, რომ ართმევენ საბაზისო უფლებებს, დაწყებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებიდან. ეს ადამიანები იმსახურებენ ყველა ამ უფლების ქონას და ჩვენ ვართ აქ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ”. -განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა, ვიდეო-მიმართვაში, რომელიც რუსთაველზე ჩაწერა და შემდეგ X-ზე გამოაქვეყნა.
ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგებში ჩამოვიდა. ის შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებს, ასევე “ქართული ოცნების” წევრებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.