შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
“გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სისტემატიურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტოლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 94 შეკვრა ჰეროინი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, 16 000 ლარამდე თანხა და მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს.
დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.