მშობლები რომელთა შვილებიც გულის მძიმე დაავადებებს ებრძვიან, იმ ერთადერთი ქირურგის ჩამოსვლას და ქვეყანაში შეფერხების გარეშე შემოსვლას ითხოვენ, რომელსაც მათი შვილებისთვის საჭირო ურთულესი ოპერაციების ჩატარება შეუძლია. შვეიცარიაში მცხოვრები ქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი იშვიათ ოპერაციებს აკეთებს, რომელზეც პასუხისმგებლობას კარდიოქირურგების უმეტესობა ვერ იღებს. ამიტომ პაციენტებისთვის ექიმის ქვეყანაში ჩამოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბავშვების მშობელთა ნაწილი კლინიკა „ღია გულთან” შეიკრიბა. ისინი შესაბამის უწყებებს თორნიკე სოლოღაშვილის ქვეყანაში შეუფერხებლად შემოსვლის უზრუნველყოფას თხოვენ.
პატარა პაციენტების უმეტესობას მძიმე დიაგნოზი აქვს. მათთვის ყოველი წუთი და დღე შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომ ქირურგის ჩამოსვლა მისი კარანტინში მოთავსების შემთხვევაში აზრს კარგავს. ქართველი კარდიოქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი უკვე მრავალი წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს და პროფესიით მუშაობს. ახლა შვეიცარიაში ცხოვრობს და ჟენევის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს. აქვე 2018 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხიც მიიღო.36 წლის ასაკში არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, და ასეულობით ბავშვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი.
როდის მოიხსნება ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვები ამას ზუსტად ვერავინ ამბობს. ვიდრე ქირურგი ქვეყანაში ჩამოსვლას შეძლებს, მისი პაციენტები მშობლებთან ერთად დღეებს ითვლიან და უმძიმეს დაავადებას ებრძვიან. მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილების სიცოცხლე ქირურგის საქართველოში ჩამოსვლაზეა დამოკიდებული.