რემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვის ინტერვიუს ეხმიანება. მისი თქმით, ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში.
ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს და ხაზს უსვამს მათი გაუმჯობესების სურვილს.
“საქართველოც მომხრეა, რომ რუსეთთან, ისევე როგორც სხვა მეზობლებთან, ჩამოყალიბდეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ ისინი უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ სხვა ნორმებს. საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციამ განაპირობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და მათი აღდგენაც ამაზევეა დამოკიდებული. ქართულმა ოცნებამ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ პრიორიტეტად ნამდვილად გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისთვისაც მთავარი ფორმატის – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დამატებით, შეიქმნა არაფორმალური კომუნიკაციის არხი – აბაშიძე-კარასინის დიალოგი, რომელმაც შედეგად მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზაცია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროებში მნიშვნელოვანი წინსვლა არ აისახა რუსეთის მიდგომებზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, არც პოლიტიკურ და უსაფრთხოების, არც ჰუმანიტარულ განზომილებებში.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება.