ნიუ-იორკის შტატმა კორონავირუსის პანდემიის პიკი გადაიარა და შტატი ეკონომიკის აღდგენაზე იწყებს ფიქრს. შტატის გუბერნატორი ამბობს, რომ ნაბიჯები ფრთხილი უნდა იყოს და მოზომილი.
“ჩვენი ხელახალი გახსნა დამოკიდებულია ჩვენს გონიერებაზე. მოვუსმინოთ ექიმებს, მეცნიერებს, გავაანალიზოთ რიცხვები და ნაბიჯები ამის მიხედვით გადავდგათ. სწორედ ასე მოვიქცევით,“- ამბობს ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო
სწორედ ამიტომ, შტატმა გამოაქვეყნა გეგმა თუ როგორ შემსუბუქდება შეზღუდვები. გეგმაში 4 ფაზაა, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს წესებს და იმ სფეროებს, რომლებიც აღდგენას დაიწყებს.
ფაზა 1
- მშენებლობა
- წარმოება და საბითუმო მიწოდება
- საბითუმო მიწოდება უნდა მოხდეს დელივერის მეშვეობით ან მხოლოდ პიკაპით
ფაზა 2
- პროფესიული სერვისები
- ბანკები და დაზღვევა
- სავაჭრო ობიექტები
- ადმინისტრაციული დახმარება
- უძრავი ქონების სააგენტოები
ფაზა 3
- რესტორნები და საკვები ობიექტები
- სასტუმროები
ფაზა 4
- ხელოვნება
- განათლება.
თუმცა, იმ დრომდე, სანამ შტატის რეგიონები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ დაიწყონ გახსნა, მათ უნდა დააკმაყოფილონ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტები, რაც გულისხმობს შემდეგს:
- რეგიონში დაავადებულების და გარდაცვალების რაოდენობა უნდა მცირდებოდეს 14 დღის განმავლობაში (სამი დღის საშუალო მაჩვენებლების მიხედვით).
- რეგიონში ყოველ 100 000 ადამიანზე დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს.
- რეგიონებში, სადაც პანდემია ნაკლებად იყო გავრცელებული, დღიურად დაინფიცირებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15-ს და გარდაცვლილთა რაოდენობა 5-ს (3 დღის საშუალო მაჩვენებლით)
შტატის გადაწყვეტილებით იმისათვის რომ რეგიონებმა ეკონომიკის აღდენა დაიწყონ, აუცილებელია საავადმყოფოებში არსებობდეს საერთო საწოლების რაოდენობის 30% თავისუფალი, როგორც რეანიმაციულ განყოფილებაში ასევე პალატებში, რათა მათ შეძლონ მიიღონ დაინფიცირებული პაციენტები.
ასევე, საავადმყოფოების ადამინისტრაცია ვალდებულია მოიმარაგოს დასაქმებულთათვის დამცვავი საშუალებები 90 დღისთვის.
ნიუ-იორკის რეგიონმა ასევე უნდა აკონტროლონ ინფიცირების მაჩვენებლები.
ნიუ-იორკში, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 330 000-ს აღემატება, გარდაცვლილია 25 000-ზე მეტი ადამიანი.
„ჩვენ პლატოდან ვეშვებით. როგორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გავაგრძელებთ ამ გზას, შეიძლება ეს თვეების განმავლობაში გაგრძელდეს ან კვირების,“- ამბობს ნიუ-იორკის გუბერანტორი ენდრიუ კუომო.
წყარო: ამერიკის ხმა