პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მისი პარტიული სიის მე-7 ნომერი, ფრიდონ ინჯია თუ პარლამენტში შევა, პარტიას დატოვებს.
“ბიზნესმენები არ არიან ჩვენი პარტიის წევრები, შესაბამისად მე არ მაქვს არანაირი ბერკეტი მათზე ზემოქმედების. პოლიტიკოსები არ შევდივართ პარლამენტში. პარტია, პატრიოტთა ალიანსი არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. არის ბატონი ფრიდონ ინჯია, რომელიც პარტიის წევრია, მაგრამ ჩვენ ვიმსჯელეთ და ბატონი ფრიდონი დადგება არჩევანის წინაშე — დარჩეს პარტიაში თუ შევიდეს პარლამენტში. თუ შევა ბატონი ფრიდონი პარლამენტში, პარტიას დატოვებს”, — განაცხადა ინაშვილმა.
ინჯიას გარდა, პარლამენტში შესვლაზე ფიქრობს სიის მე-8 ნომერი დავით ზილფიმიანი. მან დღეს განაცხადა, რომ შესაძლოა პარლამენტში შევიდეს. სიის მე–4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის.
ხვალ, 4 იანვარს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების: ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შემდეგ, მათ ადგილმონაცვლეებს პარლამენტში შესვლა შეეძლებათ.