ფრონტზე მარცხმა და მობილიზაციამ პუტინის მხარდამჭერ ჯგუფებს შორის დაპირისპირება გააშიშვლა–ISW

ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ახალ ანგარიშში აანალიზებს “რუსული სამყაროს“ სხვადასხვა რადიკალურ დაჯგუებებს შორის დაპირისპირებას, რომელიც ზედაპირზე უკრაინის ფრონტებზე რუსული არმიის მარცხის შემდეგ ამოვიდა.

ISW სამ ძირითად ასეთ დაჯგუფებას გამოყოფს: სამხედრო ბლოგერები და კორესპონდენტები, ყოფილი სამხედროები და ძალოვანების ნაწილი, რომლებსაც საკუთარი ძალოვანი რესურსები აქვთ (“ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და ა.შ.).

ანალიტიკოსების აზრით, პუტინს ამ სამივე დაჯგუფების მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ფრონტებზე მარცხის და “ნაწილობრივი მობილიზაციის“ პროცესში დიდი აურზაურის ფონზე მათ შორის როგორც ჩანს განხეთქილება დაიწყო.

ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით პუტინი ცდილობს ყველა ერთიანად  შეინარჩუნოს– სამხედრო ბლოგერები სახელმწიფო ტელევიზიების ეთერში გამოჰყავს, “ძალოვანებს“ უფლებას აძლევს საკუთარი არმიები ჰყავდეთ და განაგრძონ შეტევების მცდელობა ბახმუტთან და დონეცკთან, ასევე, გამოაცხადა მობილიზაცია, რომელსაც ვეტერანების საზოგადოება დიდი ხანია ითხოვდა.

თუმცა, ეს სამივე ჯგუფი ომის წარმოების მიმართ სხვადასხვა მიდგომას ითხოვს, და დაპირისპირება მათ შორის შეიძლება პუტინის რეჟიმის სტაბილურობაზეც აისახოს.

ანალიტიკოსები თვითონ ამ ჯგუფების შიგნით არსებულ დაპირისპირებასაც უსვამენ ხაზს, მაგალითად სამხედრო ბლოგერების და კორესპონდენტების ჯგუფს შორის.

“პუტინს არ შეუძლია თავს უფლება მისცეს რომელიმე ამ დაჯგუფების მხარდაჭერა დაკარგოს. ამავე დროს, არ შეუძლია ყველა მათგანი ერთდროულად დააკმაყოფილოს, ამ დროს კი ომი გრძელდება და რუსული არმია კვლავ განიცდის დანაკარგებს. ხარკოვის ოლქში და ლიმანში მარცხისგან მიღებულმა შოკმა, რომელსაც მობილიზაციის ხარვეზებით ჩატარებაც დაემატა, პუტინის მხარდამჭერ ძირითად ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირება გააშიშვლა რიგითი რუსების თვალწინ, და მათ შეიძლება ეჭვიც კი გაუჩნდეთ, აკონტროლებს თუ არა პუტინი სრულად საკუთარ მომხრეებს. მოვლენების ასეთი განვითარების შედეგები რთულად პროგნოზირებადია“– წერენ ანალიტიკოსები.