ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვერ მოხდება საერთო ოპოზიციური თანხმობის მიღწევა, მზად არის თუ არა სტრატეგია აღმაშენებელი ინდივიდუალურად გახდეს შეთანხმების მონაწილე, გიორგი ვაშაძე ასე პასუხობს:
“დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა იმიტომ ვართ, რომ თუ დავინახეთ, რომ შეთანხმება არის ისეთი, რომელიც საზოგადოებისთვის, სახელმწიფო განვითარებისთვის მისაღებია და ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო პოზიცია, სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ შეთანხმების შესრულებაში, ჩემი განმსაზღვრელი ვერ იქნება ყველა პარტიის პოზიცია.
ცალკე პარტია და პოლიტიკური ძალა იმიტომ ვართ, რომ რაღაცაში სხვებისგან განვსხვავდებით. მე სხვას კი არ ვუყურებ, ვუყურებ ჩემი თანაგუნდელების, ჩემი ქვეყნის საჭიროებებს და ვუყურებ იმას, რა ნაბიჯი შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან პროგრესად განვითარებაში”.
მისივე თქმით, ბოიკოტის შედეგად მოლაპარაკების მაგიდაზე ფუნდამენტური რეფორმები დევს, თუმცა თუ “გადაამლაშებენ”, ყველაფერს დაკარგავენ.
“მე მათაც ვეტყვი, ვინც სკეპტიკურია, რომ ბოიკოტი არ უნდა დაეწყო ოპოზიციას, უკაცრავად, მეგობრებო, ნახეთ, რამხელა ფუნდამენტური რეფორმები დევს უკვე მაგიდაზე, გაფართოვდა და გაფართოვდა ეს არეალი, ავიდა უმაღლეს რანგში, ამერიკულ და ევროპულ სარბიელზე. რომ არა ჩვენი ბოიკოტი, აქამდე ხომ ვერ მივიდოდით?! მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ყველაფერს ზღვარი აქვს, თუ გადაამლაშე, მერე შეიძლება ყველაფერი დაკარგო”,– განაცხადა ვაშაძემ პალიტრანიუსის ეთერში.