თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვიდრე ის თბილისის მერის თანამდებობას იკავებს, დედაქალაქში უკანონო მშენებლობას არ დაუშვებს. თბილისის მერმა, ამაღლების ქუჩაზე სართულის უკანონოდ დაშენების ფაქტი გამოვლინდა და სამშენებლო კომპანიას „მონუმენტმშენს“ მიმართა, მშენებარე ობიექტი სწრაფად მოიყვანოს პროექტთან შესაბამისობაში.
„არავის დასჯას არ მივესალმები, მაგრამ ქალაქის აოხრებას და არასწორ ურბანულ განვითარებას არავის ვაპატიებთ. ჩვენ სწორედ იმიტომ აგვირჩია ხალხმა და იმიტომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა, რომ ჩვენი ერთ-ერთი დაპირება სწორედ ქალაქის სწორი ურბანული განვითარება იყო. არავის გვსიამოვნებს ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ამ ქალაქში, თუ როგორ დაამახინჯეს კონკრეტული არეალები კონკრეტულ რაიონებში. ამის გაგრძელება კატეგორიულად მიუღებელია.
“ახალი რეგულაციები და ჯარიმების გაზრდა არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ეს მიმართულება მოგვეწესრიგებინა. შესაბამისად, შევედით საკანონმდებლო ცვლილებით პარლამენტში და პარლამენტის მხარდაჭერით უკანონო მშენებლობა, სართულიანობის გადამეტება და ა.შ. სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც მუნიციპალური მიწების უკანონოდ მიტაცება ხდება და შემდეგ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, რა თქმა უნდა, ესეც კატეგორიულად მიუღებელია და რა თქმა უნდა, არასდროს თავს არ დავუხრით და არ გავჩერდებით, როდესაც ასეთ ფაქტებს წავაწყდებით.ვიდრე მე ამ ქალაქის მერი ვარ, ვიდრე თბილისის მთავრობას ვხელმძღვანელობ ჩემს თანამშრომლებთან ერთად, უკანონო მშენებლობას არასდროს დავუშვებთ და არ დავუხრით თავს არცერთ ფაქტს, რომელიც გამოვლენილი იქნება,” – განაცხადა კალაძემ.
მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სამშენებლო ობიექტს კანონთან შესაბამისობაში არ მოიყვანს, ამ ყველაფერს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვება.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ ის რეაქცია, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ბოლომდე ჩავყვებით. პირადად ვიქნები დაინტერესებული, რომ სამაგილოთოდ დაისაჯოს ეს კომპანია და კონკრეტული ადამიანები. მოუწევთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ ეს შენობა-ნაგებობა არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.