“ქალაქში მკვლელი ნარკოტიკი ისევ გამოჩნდა” – ”რეივერების გაერთიანება” ახალგაზრდებს აფრთხილებს

თბილისში მკვლელი ნარკოტიკი ფენტანილი კვლავ გამოჩნდა – “ქართველი რეივერების გაერთიანება” ახალგაზრდებს  სიფრთხილისკენ მოუწოდებს. გაერთიანება პასუხისმგებლობას  შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკისრებს. საკლუბო სივრცის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მინიმუმ  ამის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა არაფერს აკეთებს და შესაძლოა 2018 წლის სცენარი კვლავ განმეორდეს.

”ქალაქში მომაკვდინებელი ნარკოტიკი, ფენტანილი ისევ გამოჩნდა!

  • არ მიიღოთ MDMA და მასთან მიახლოვებული ჯგუფის (ემპათოგენები, განსაკუთრებით მეფედრონი) ნარკოტიკული ნივთიერებები!
  • არ გაურიო უცნობი პრეკურსორი ალკოჰოლში, ან სხვა ბენზოს ჯგუფის ნივთიერებაში!
    ფენტანილი იწვევს სუნთქვის შენელებას და საბოლოოდ კომას!

ჩვენ არ გვრჩება სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, ვივარაუდოთ, მარაგი განგებ არის დაბინძურებული საკლუბო სივრცის დისკრედიტაციისა და ერთობაში
მყოფი ინდივიდების განადგურებისათვის! შსს-ს სურს 2018 წლის სცენარის გამეორება, პროპაგანდით და იარლიყების მიწებებით საკლუბო სივრცის სრული განადგურება და ათასობით ადამიანისათვის შთაგონების, ტოლერანტობის და შვების პლატფორმის განადგურება! მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას იმ დრაკონული ნარკოპოლიტიკისათვის, რაც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დროიდან გვაქვს და შავ ჩრდილად დასდევს მთელს საზოგადოებას!  ერთადერთი ხსნა ამ ჯოჯოხეთიდან არის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და ცნობიერების ამაღლება”, – ნათქვამია განცხადებაში.

2018 წლის, 12 მაისს, შუაღამისას, სპეცრაზმი კლუბ ბასიანსა და კაფე გალერეაში შევიდა. სამართალდამცავებმა შენობაში მყოფი ადამიანები გარეთ გამოიყვანეს და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს. ამავე დღეს, დილის სამის ნახევარზე შსს-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამი იყო, რომ უწყება 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს და შედეგად, 12 მაისის სპეცოპერაციით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავა.