ქალბატონი იუკნევიჩიანე პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას – კობახიძე

”ქალბატონი იუკნევიჩიანე პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას ” – განაცხადა ამის შესახებ, ”ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ, რასა იუკნევიჩიანეზე საუბრისას.

„არის კონკრეტული ერთობლიობა ევროპარლამენტარებისა, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები – რასაც დაავალებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, იმას უპირობოდ ასრულებენ. არის ცნობილი სახელები და გვარები, რომლებსაც ეს სცენარი მიჰყავთ ევროპარლამენტში და ისინი აკეთებენ ხოლმე ასეთ განცხადებებს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ არის ევროპარლამენტის მიერ ოფიციალურად დანიშნული პირი საქართველოს საკითხებზე მომხსენებლად, ქალბატონი იუკნევიჩიანე და ის პირდაპირ ოპერატიულ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას. შეგიძლიათ ამოიღოთ, წუთობრივად, როდის, რა განცხადებებს აკეთებდა და როგორ უჭერდა მხარს გულმხურვალედ, მათ შორის დამხობის აქციას. ასეთი ადამიანი არის დანიშნული ევროპარლამენტის ოფიციალურ მომხსენებლად საქართველოს საკითხებზე. ყველაფერი ნათელია, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია, ამას ქართული საზოგადოება ხედავს და მათ შორის, ამის წინააღმდეგაც გამოვიდა მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩეველი, ხმა აიმაღლა სწორედ ასეთი სამარცხვინო ქმედებების მიმართ, როდესაც მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა 4 ოქტომბერს, არჩევნებზე მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა“ – განაცხადა კობახიძემ.