ქალი, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა, მართვით სუნთქვაზე რჩება – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 67 წლის ქალი, რომელსაც თბილისში პიტბულის ჯიშის ძაღლი დაესხა თავს, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

“შემოყვანისას აღენიშნებოდა მრავლობითი ნაკბენ-ნაფლეთოვანი ჭრილობა, გადავიდა მართვით სუნთქვაზე. ჩატარდა რეკონსტრუქციული ოპერაციები. ამ ეტაპზე პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა რჩება მძიმე”. – თქვა ლევან რატიანმა რუსთავი 2–თან საუბრისას.

შემთხვევა 16 ივლისს, საღამოს 21:00 საათზე წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ შემთხვევისას ირგვლივ მყოფი ადამიანები რამდენიმე წუთი განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, 67 წლის ქალის დახმარებას. ამის შემდეგ ერთ-ერთმა თვითმხილველმა პირმა, რომელიც შეიარაღებული იყო და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მას შემდეგ, რაც გასროლის ხმაზე ძაღლს რეაქცია არ მოჰყვა, მამაკაცმა ძაღლს ესროლა.

ადგილობრივების ნაწილის განცხადებით, ძაღლი აგრესიით მხოლოდ ცხოველების მიმართ გამოირჩეოდა. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ქალი იხსენებს, თუ როგორ დაგლიჯა აღნიშნულმა ძაღლმა ერთ-ერთი მეზობლის ჰასკი.

ძაღლის მეპატრონის ოჯახის მეგობარი კი აცხადებს, რომ 3 წლის პიტბულს არასდროს არავისთვის  უკბენია. მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ ძაღლი დააძინეს.

რატიანის განმარტებით, ყველაზე დიდი ჭრილობა 67 წლის ქალს თავისა და სახის მიდამოში აქვს, სადაც ყბა-სახის ქირურგებმა ოპერაცია ჩაუტარეს. ქალს აქვს ჭრილობა მუცელზეც, მაგრამ მუცლის ღრუ დაზიანების გარეშეა. ჭრილობები აქვს მიყენებული ორივე ქვემო კიდურზე და თავ-კისრის არეში.

დაზარალებულის ოჯახი ძაღლის მეპარტრონისთვის ჩივილს აპირებს, რადგან მათ ძაღლი უყურადღებოდ დატოვეს.