ქალი ყვება, რომ თურქეთის მოქალაქემ გააუპატიურა, სცემა, თუმცა საქართველოში პოლიციამ არ დაიცვა

ტვ პირველთან ინტერვიუში საქართველოს მოქალაქე ქალი ამბობს, რომ თურქეთში კაცი, რომელთანაც არაოფიციალურ ურთიერთობაში იყო, სცემდა, აუპატიურებდა და აშანტაჟებდა.

ქალი ყვება, რომ თურქეთის მოქალაქე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, მის 4 წლის შვილს კი მის თვალწინ ახრჩობდა.

,,ისე მალურჯებდა.. ტელეფონს მირტყამდა სახეში და ეს ხდებოდა ჩემი არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით. ჩემს შვილს თმებს გლეჯდა, წყალს შეაგუბებდა და ახრჩობდა. ვთხოვდი გამიშვი-მეთქი. მაშანტაჟებდა ყოველთვის. ჩემი შიშველი ფოტოები ჰქონდა, სექსუალური ურთიერთობის დროს გადაღებული და მემუქრებოდა, რომ ამ ყველაფერს გამოაქვეყნებდა, აჩვენებდა ჩემს ძმას, ჩემს ახლობლებს და ნათესავებს”,- ამბობს დაზარალებული.

მისივე თქმით, სექსუალური ძალადობისას ორსულად დარჩა, მამაკაცმა კი აბორტი იძულებით, არალეგალურ კლინიკაში გააკეთებინა.

ქალმა შესაძლო მოძალადეს თავი დააღწია და თბილისში გამოიქცა, თუმცა კაცმა თბილისში ჩამოაკითხა.

ის ტვ პირველთან ამბობს, რომ პოლიციას უკვე თბილისში მიმართა, თუმცა მათ დასცინეს და უკან გამოუშვეს. დაზარალებულის მტკიცებით, განცხადება თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე დაწერა, თუმცა მოძალადე პოლიციამ მხოლოდ 2 საათით დააკავა.

,,პოლიციიდან ვიგრძენი ჩემზე ზეწოლა, შეურაცხყოფა. მიმტკიცებდა პოლიციელი შენ წერო და შენ აშანტაჟებო. იცი რას გიზამო? იქით შემოგიტრიალებ საქმესო. ამ წუთას უსაფრთხოდ არ ვგრძნობ თავს ჩემს ქვეყანაში”,- ამბობს მსხვერპლი ქალი.

მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ შესაძლო მოძალადე შეძლებული ადამიანია და რამდენიმე ადვოკატი ჰყავს. მისი თქმით, დაზარალებული ქალი პოლიციამ კამერების მოშორებით გაიყვანა და უთხრა, რომ თუ ამ საქმეს გააგრძელებს კიდევ, საქმე შემოუტრიალდება.

დაზარალებულმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართა.