ქალი შველას ითხოვდა, მეზობლებმა 112–ში მისი გაჩუმების შემდეგ დარეკეს – ქუთაისში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ქუთაისში გუშინ ღამით 30 წლამდე ქალი მეზობლებმა საკუთარ ბინაში მოკლული იპოვნეს. ადგილობრივები იხსენებენ, ქალი რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა, თუმცა სამაშველო სამსახურში მას შემდეგ დარეკეს, რაც ხმაური შეწყდა.

მათივე თქმით, მაშველებმა დაახლოებით ნახევარი საათით დააგვიანეს, თუმცა მისვლის შემდეგ კარგი არ ჩაამტვრიეს. მაშველებმა განაცხადეს, რომ პოლიციის მისვლამდე შემტვრების უფლება არ ჰქონდათ.

სახლის კარი მხოლოდ სამართალდამცავების მოსვლის შემდეგ გააღეს. ახალგაზრდა ქალი ბინაში გარდაცვლილი დახვდათ. მოკლული, მცირეწლოვან შვილთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის.