ქალს, რომელსაც დეფიციტური წამალი სჭირდებოდა, ლევან რატიანმა უყიდა და თავად მიუტანა

მოქალაქე თაკო ნოზაძე, სოციალურ ქსელში თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანთან პირად მიმოწერას ასაჯაროვებს. თაკო ნოზაძის  დედას შოგრენის სინდრომი აქვს და მას აუცილებლად სჭირდება პრეპარატი პლაქველინი, რომელიც ახლა დეფიციტშია.

როგორც ის აღნიშნავს, მან ლევან რატიანს მიწერა და მან თავისი სახსრებით ნაყიდი წამლების მარაგი აჩუქა თაკოს და დედამისს, ხოლო აბები სახლთან მიუტანა.

„ძალიან დიდი ხანია დედაჩემისთვის ვეძებ პლაქველინს (200 მგ).სად არ ვეძებე, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ უშედეგოდ.გუშინ მივწერე ბატონ ლევან რატიანს. ზუსტად ნახევარ საათში მიპასუხა და დღესვე მომაწოდა 13 აბი, რომელიც პირადად მას ჰქონდა შეძენილი. შევთავაზე, რომ მე გავიდოდი და გამოვართმევდი, მაგრამ როგორც ხედავთ, პირდაპირ სახლთან მომაწოდა მედიკამენტი.

ამიტომ, ასე საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო მას! უმნიშვნელოვანესია დედასთვის ამ წამლის მიღება და უზომოდ დასაფასებელია ის, რაც ბატონმა ლევანმა ჩვენთვის გააკეთა“ , – წერს თაკო ნოზაძე.