“ქართველებმა სიმართლე უნდა იცოდნენ” – იან კელი ღარიბაშვილს ტყუილში ამხელს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ 2012 წლამდე აშშ–ს მხრიდან ქართული სასამართლოს კრიტიკა არ სმენია:

“2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასდროს არც ამერიკის და არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ. რაც სამწუხაროა და არაა სამართლიანი.“ –ასე უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კრიტიკის შესახებ.

ამერიკელი დიპლომატი Twitter-ზე წერს, რომ ღარიბაშვილის ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოს წინა ხელისუფლების სასამართლო სისტემის მიმართ აშშ-ის მხრიდან კრიტიკის რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს.

“ეს სიმართლე არაა. შეხედეთ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშს – იქ ყოველთვის იყო კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ეპოქის სასამართლოზე. გაითვალისწინეთ 2011 წელი – “ტყუილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები”, “პატიმრების სასტიკი მოპყრობა ოფიციალური პირების მიერ”, “სასამართლო ხელისუფლებამ განაგრძო ქმედება მმართველი პარტიის სასარგებლოდ”. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, რომ სააკაშვილის სასამართლო სისტემას აშშ აკრიტიკებდა.  ქართველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით ისეთი ლიდერის საშიშროება, რომელიც იგონებს საკუთარ ფაქტებს და გაურბის სიმართლეს”, – წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი.