“​​ქართველი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი და მისი მეგობრები უკრაინაში საერთო მტრის დასამარცხებლად წავიდნენ”–ესპანური გამოცემა

ესპანურმა გამოცემა Telecinco–მ პარტია მოქალაქეების ლიდერის უკრაინაში წასვლის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. გამოცემა წერს, რომ უცხოელები ძირითადად პოლონეთის ვაგზალზე ჩადიან, სადაც ეძებენ მანქანებს, რომ საზღვარზე გადავიდნენ და ლვოვში ჩავიდნენ, სადაც მებრძოლებად დარეგისტრირება შეუძლიათ. “მათი აღმოჩენა რთული არ არის: როგორც წესი, ესენი არიან ახალგაზრდა, ფიზიკურად კარგად მომზადებული ადამიანები სამხედრო ზურგჩანთებით.“–ნათქვამია სტატიაში.

“​​ქართველი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი და მისი მეგობრები უკრაინაში, “საერთო მტრის დასამარცხებლად” წავიდნენ” – ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში გამოცემა წერს, რომ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, თუმცა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ათასობით უცხოელი იბრძვის, მათ შორის აშშ-დან, საქართველოდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კანადიდან.

“უნდა ვიბრძოლოთ და შევაჩეროთ ეს ბარბაროსები“– ამბობს ალეკო ელისაშვილი.

“არ შემიძლია სახლში ვიჯდა და ვუყურო, როგორ აგრევენ 21-ე საუკუნის ბარბაროსები, რუსები უკრაინას, კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს. არ შემიძლია ამას ტელევიზორით ან ტელეგრამით ვუყურო. მივდივარ უკრაინაში მეგობრებთან ერთად საბრძოლველად. უნდა ვიბრძოლოთ და ეს ბარბაროსები შევაჩეროთ.“– წერს გამოცემა, რომელმაც ელისაშვილი პოლონეთში, უკრაინისკენ მიმავალ გზაზე ჩაწერა. გამოცემა წერს, რომ სხვა უცხოელების მსგავსად ელისაშვილმაც ჯერ არ იცის, რას გააკეთებს ჩასვლის შემდეგ უკრაინაში:“ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ იქ უნდა ჩავიდეთ, რომ ტერიტორიული თავდაცვის  უცხოურ ლეგიონში დავრეგისტრირდეთ, რაც სამხედრო გამოცდილებას და ეკიპირებას მოითხოვს.“– ეუბნება გამოცემას ელისაშვილი. გამოცემა ხაზს უსვამს,  რომ ქართველ დეპუტატს უკვე აცვია სამხედრო ფორმა ქართული დროშით.

ელისაშვილმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინასა და საქართველოს საერთო მტერი ჰყავს, რადგან ვლადიმერ პუტინს საქართველოს ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებული აქვს, ახლა კი ისინი ბომბავენ უკრაინას. “სწორედ ამიტომ ჩვენ ისინი იარაღით უნდა შევაჩეროთ”,-თქვა ელისაშვილმა.