ქართველი სტუდენტები ვაშინგტონიდან საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, იქ კი საარსებო საშუალების გარეშე რჩებიან

ამერიკის ხმა ამერიკაში მყოფ ქართველ სტუდენტებთან ჩაწერილ ინტერვიუებს აქვეყნებს, რომლებიც გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. მათ სასწავლო სემესტრი აპრილის ბოლოს ან მაისის შუა რიცხვებში უმთავრდებათ, თუმცა საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ფრენების გაუქმების გამო მათ შეძენილი ბილეთები გაუუქმდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში ბინის, სტიპენდიის, დაზღვევის და საარსებო საშუალების გერეშე რჩებიან.

ჟანა სირბილაძე ვაშინგტონში საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტზე მაგისტრატურაში სწავლობს. არდადეგებს როგორც წესი სახლში ატარებს. ამჟამად მესამე სემესტრს ხურავს და 30 აპრილს  საქართველოში გამომგზავრებას აპირებდა. ბილეთი  თებერვალში იყიდა კატარის ავიახაზების რეისზე, თუმცა ფრენა გაუქმდა. ბინის კონტრაქტი 30 აპრილამდე აქვს. ვადის გასვლის შემდეგ კი ბინა აღარ ექნება.

“არც ვიცით რა იქნება, იმიტომ რომ ფრენები არ მგონია რომ აღდგეს. ქართველ სტუდენტებს გვაქვს გაუკრვევლობა, ვიღაცეებისთვის პრობლემა მხოლოდ სახლში გამოკეტვაა. ჩვენთვის პრობლემაა ის, რომ დარჩენილი ვართ ამერიკაში, ვერ ვბრუნდებით სახლში გარად ამისა ბინის კონტრაქტი გვეწურება და სახლი აღარ გვაქვს.

ჩვენ გვაქვს სემესტრული სტიპენდია, რაც იმას ნიშნავს რომ სემესტრის დამთავრებისთანავე სტიპენდია წყდება. საერთაშორისო სტუდენტებისთვის დამატებითი სახსრების მოძიება და მუშაობის დაწყება ძალიან  რთულია, რადგან არ შეგიძლია მუშაობის დაწყება, უნდა დარეგისტრირდე, შეიტანო საბუთები და სამსახური შენს პროფესიასთან უნდა იყოს კავშირში. კორონავირუსიდან გამომდინარე რეგისტრაციასაც კი აზრი არ აქვს, ყველაფერი გართულებულია. არ ვიცით როგორი იქნება ჩვენი ყოფა აპრილის შემდეგ.

აპრლის ბოლოდან არ გვაქვს სახლი, მაისიდან არ გვაქვს სტიპენდია, და არ ვიცით როდის ვბრუნდებით სახლში. საელჩოსთან გვაქვს კონტაქტი, გვეხმარება შეძლებისდაგვარად, იციან ჩვენს პრობლემებზე, მაგრამ საელჩოს შესაძლებლობებს აღემატება ის, რაც ჩვენს წინაშე დგას და გადაწყვეტილება მთავრობის  დონეზე უნდა იქნას მიღებული. ჩემი პირადი მოლოდინი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაინც გაიხსნას საქართველოს საზღვარი. ამერიკიდან გაფრენა არ წარმოადგენს პრობლემას, ევროპის მიმართულებითაც არის ფრენები, თუმცა საქართველოს აქვს საზღვარი სახმელეთოც და საჰაეროც დაკეტილი, საქართველოს მოქალაქეებიც მათ შორის ვერ ახერხებენ საქართველოში დაბრუნებას. საქართველოს მოქალაეებისთვის მაინც რომ იყოს სამშობლოში დაბრუნება შესაძლებელი კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა ჩემივე ხარჯებით.“ – ამბობს ის.

მალხაზ სალდაძე ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის კონფლიქტებისკვლევის და მოგვარების სკოლის სადოქტორო პროგრამაზე მეორე კურსს ხურავს. სემესტრი მთავრდება მაისის შუა რიცხვებისთვის და მაგ დროს ისედაც გეგმავდა რომ წამოსულიყო:

“ სტიპენდიები მიბმულია აკადემიურ სემესტრს და როცა სწავლა არ  არის, სტიპენდიაც წყდება. რა ბედი გველის საერთაშორისო სტუდენტებს, რთული წარმოსადგენია.

რთულია იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება სამშობლოში დავბრუნდეთ და ჩვენი ცხოვრება რაღაც თვალსაზრისით უფრო სტაბილური იყოს საკუთარ სახლში ყოფნით და არა სადღაც ნაქირავებში, რომელიც დროებითია და რაღაც მომენტში აუცილებლად უნდა დაცალო.

არ ვიცით რა შეიძლება გველოდეს, გაურკვევლობაა, რაც გვაწუხებს. ლეგალური მუშაობის უფლება საერთაშორისო სტუდენტს აქ არ აქვს. როცა სტიპენდია აღარ გაქვს, ვერ იმუშავებ, რომ საცხოვრებლით და საკვებით უზრუნველყო საკუთარი თავი.   არ გვაქვს იმის განცდა, რომ ეს კრიზისი მარტივად შეიძლება გადავლახოთ.

კარგი იქება თუ საზღვრები გახსნილი იქნება დაბრუნების მსურველი სტუდენტებისა და ემიგრანტებისთვის.“– ამბობს ის.

მარიამ პოპიაშვილი დანიელ მორგანის უსაფრთხოების სკოლაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. სწავლა აპრილის ბოლოს სრულდებოდა და გეგმები ამის მიხედვით ქონდა აწყობილი. ბინის ქირა მანამდე ქონდა გადახდილი, თვითმფრინავის ბილეთიც შეძენილი, თუმცა ფრენა გაუქმდა და ავიაკომპანია თანხას უკან არ უბრუნებს, არამედ ვაუჩერს სთავაზობს ბილეთის იმავე ავიაკომპანიაში გადასაჯავშნად . თუმცა ახლო მომავალში ამ ავიაკომპანიას საქართველოში რეისი დაგეგმილი არ აქვს, შესაბამისად მარიამს დამატებით მოუწევს თანხის მოძიება, თუ სხვა ავიაკომპანიის ბილეთს შეიძენს. ის ამბობს, რომ ვაშინგტონში ცხოვრების ხარჯები ძალიან მაღალია და სტუდნეტისთვის ვაშინგტონში ძალიან რთული იქნება საკუთარი შესაძლებლობებით დაფაროს ეს ხარჯები. სტუდენტების ნაწილს ჯანმრთელობის დაზღვევაც არ აქვს და ვირუსის შემთხვვაში რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

მარიამიც სხვა სტუდენტების მსგავსად ამბობს, რომ კარგი იქნებოდა ამერიკაში მყოფი სტუდენტებისთვის სპეცრეისი დანიშნულიყო, რათა მათ სამშობლოში დაბრუნება შეძლონ, თუმცა საელჩოს ინფორმაციით სპეცრეისები უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

წყარო: ამერიკის ხმა