ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტიკის ოკეანეში 52 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით ქართველმა მეზღვაურებმა ღია ზღვაში 52 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. 
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გემზე მყოფ მეზღვაურებს დაუკავშირდა და მათთან საუბარს ავრცელებს:
 – “10 ივლისს მაროკოსკენ მივემართებოდით. დაახლოვებით საღამოს 6 საათზე ნავი დავინახეთ”.. ატლანტიკის ოკეანეში 5-ბალიან შტორმში, გასაბერ მცურავ საშუალებაზე 52 ადამიანი, მათ შორის 7 ქალი და 3 ბავშვი, წყლისა და საკვების გარეშე იმყოფებოდა.
მაშველებს 10 საათზე მეტი უშედეგოდ ველოდით. გემი წრეზე ტრიალებდა, ნავი რომ არ დაგვეკარგა. ამინდიც გაუარესდა. საბოლოოდ, ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება მიგრანტები გემზე ამოგვეყვანა. ნავი გემზე მივაბით და დავიწყეთ ხალხის ამოყვანა”… – ამბობენ მეზღვაურები.
სააგენტოს ინფორმაციით, 9 ქართველი მეზღვაური უშუალოდ მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციაში:
ნუგზარ ბერიძე, კახა ადამია, დილარ ცეცხლაძე, ზაზა ჭაღალიძე, ზვიად ქობულაძე, მინდია აბუსერიძე, შალვა სვანიძე, მანუჩარ კობალაძე და გიორგი ცეცხლაძე.
2 საათიანი ბრძოლის შემდეგ ამ მეზღვაურებმა ღია ზღვაში განსაკუთრებული სიმამაცის, ვაჟკაცობის და პროფესიონალიზმის წყალობით 52 ადამიანი გადაარჩინეს!
მომავალ წელს საქართველო მათ „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის“ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ჯილდოზე წარადგენს.
“ეს ჯილდო პირველად, 2015 წელს არქიმანდრიტ ილია კარტოზიას გადაეცა გარდაცვალების შემდეგ (მამა ილია იტალიაში, ქ. ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. 2014 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ ბორან “Norman Atlantic-”ზე ხანძრი გაჩნდა. ცეცხლმოდებული გემიდან მაშველებს მგზავრები ნავებზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.
გემზე 500-მდე ადამიანი, მათ შორის 8 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა), 2018 წელს კი – კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს, რომლებმაც 13 ადამიანი გადაარჩინეს.„– წერს სააგენტო.