ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს, ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში, ქვეყნის საბოლოო გათავისუფლებას რუსული დომინაციისაგან, მისი აღდგენის ნებისმიერი მცდელობისაგან.
“ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ არჩევანს, ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში, ჩვენი ქვეყნის საბოლოო გათავისუფლებას რუსული დომინაციისაგან, მისი აღდგენის ნებისმიერი მცდელობისაგან.
გასული ორი საუკუნის განმავლობაში, ქართულ ლიტერატურაში, კულტურაში, მეცნიერებაში არ არსებულა იმაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მიზანი, ვიდრე საქართველოს ჩამოყალიბება თავისუფალ, ევროპულ საზოგადოებრივ კულტურაზე დაფუძნებულ, თანამედროვე სახელმწიფოდ. ამ მიზნისკენ თანმიმდევრულად მიდიოდნენ თაობები. თუკი რამე უშლიდა ხელს ამ მისწრაფებებს, ეს იყო სწორედ რუსული/საბჭოური დომინაცია და მისი ავადგასახსენებელი გავლენა საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაზე.
საქართველოს სწორედ ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“, გახდეს ევროპის ერთა ერთობის, ევროკავშირის წევრი, რომლის კარიც, სწორედ ახლა, ყველაზე ფართოდ იღება ჩვენი ქვეყნისთვის.
მოხარულნი ვართ, რომ ამ შესაძლებლობის დასაცავად დღეს უპრეცედენტოდ ერთიანია საქართველოს ყველა თაობა. მოხარულნი ვართ, რომ დავინახეთ ქართველი ახალგაზრდების ერთობა, გულწრფელი პატრიოტიზმი, ტრადიციის ერთგულება, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, საქართველოს და ევროპის ღირსეული მოქალაქეობის მზადყოფნა.
საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის უფლება, გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წინააღმდეგობრივი კანონი, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და დაიცვას თითოეული მოქალაქე, უზრუნველყოს თავისუფალი საარჩევნო გარემო მოახლოებულ არჩევნებში, დაიცვას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი” – წერია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 133 ადამიანი აწერს ხელს.