“ქართველ სომხებს არავის დავაჩაგვრინებ, მაგრამ ვერასდროს დავუჭერთ მხარს სეპარატიზმს“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტზე ნიკა გვარამიას გადაცემაში ისაუბრა. ის ამბობს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და სამეზობლოში ომი  საქართველოსთვის კატასტროფაა. სააკაშვილის გვარამიამ კითხვა მის პოზიციასთან დაკავშირებით დაუსვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ გვერდზე გამოთქვა. სააკაშვილმა დაწერა, რომ  დიდი გულისტკივილით ადევნებს თვალყურს სიტუაციის ესკალაციას. გარდა ამისა თქვა, რომ “მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის”.

მიხეილ სააკაშვილმა დღესაც თქვა, რომ  სეპარატიზმის მხარდაჭერა დაუშვებელია:

“ქართველ სომხებს მე არავის დავაჩაგვრინებ, მაგრამ საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობა ეს არის არსებობის საფუძველი, ჩვენი სახელმწიფოებრივი მრწამსი, ჩვენ ვერსად ვერასდროს ვერ დავუჭერთ მხარს სეპარატიზმს..

ასეთი საკითხები შეიძლება გადაწყდეს მოლაპარაკებით, ომზე მეტად არ მეზიზღება არაფერი, სამეზობლოში ომი არის ჩვენთვის კატასტროფა – ამბობს მიხეილ სააკაშვილი “მთავარ აქცენტებში” საუბრისას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და პრემიერმინისტრობის კანდიდატი სამეზობლო კონფლიქტში საქართველოს როლზეც საუბრობს და ამბობს რომ ჩვენმა ქვეყანამ ავტორიტეტი დაკარგა და დღეს, საქართველოს ხელისუფლების სიტყვას საერთაშორისო საზოგადოებისთვის ფასი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნების” დამარცხებისა და ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო მის რეგიონულ მნიშვნელობას და ლიდერობას დაიბრუნებს.