საღამოს ცხრა საათისთვის გლდანში, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბთან “ქართული მარში” მივიდა და ცეცხლოვანი აქცია გამართა. ქსენოფობიურმა და პრორუსულმა ორგანიზაციამ აქციაზე ცოცხები მიიტანა, მიხეილ სააკაშვილის ფიტული და ნიკა მელიას პლაკატი დაწვა.
“მარშელებსა” და ნიკა მელიას შტაბს შორის პოლიციის კორდონი ჩადგა.
დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი აქციაზე ნიკა მელიასთან პირისპირ დებატებს ითხოვდა. მათ დებატის ატრიბუტად აქციაზე ფიცრებით შეკრული ტრიბუნაც მიიტანეს.
“სამწუხაროა ჩემთვის, რომ ნიკა მელია სოროსის სოროსშია შემძვრალი. გლდანიდან, აი ამ საშინელი მოძალადე ძალისგან გათავისუფლდება საქართველო, რომელიც მთელი ორი წელია თავს ლაფს ასხამს საქართველოს”, – ყვიროდა ქართული მარშის წევრი ირაკლი შიხიაშვილი აქციაზე.
კითხვაზე, თუ რას აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია მათთან არ მივა, შიხიაშვილი პასუხობს: “ნახავთ რასაც ვიზამთ”.
აქციის განმავლობაში მარშელები სკანდირებდნენ: “საქართველო ელ-გე-ბე-ტე ნაცების გარეშე!”.
მარშელებმა მსგავსი აქცია “ლელოს” ოფისთანაც მოაწყვეს, მანამდე გარეჯში ჩავიდნენ და დავითგარეჯს “ოკუპირებული ტერიტორია” უწოდეს. “მთავარი არხის” ჟურნალისტს კი შეურაცხყოფა სანდრო ბრეგაძემ მიაყენა.