ქართული მიწა ყოველ დღე ექცევა მცოცავი ანექსიისა და ე.წ. ბორდერიზაციის ქვეშ – ღარიბაშვილი

“ქართული მიწა ყოველ დღე ექცევა მცოცავი ანექსიისა და ე.წ. ბორდერიზაციის ქვეშ”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„წელს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაცია იქნა მიჩნეული საქართველოს ამ ორი რეგიონის ოკუპანტად და რეალური კონტროლის მქონედ. სწორედ მას დაეკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. დღეს აქედან მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას – ერთობლივად ვიმოქმედოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევებზე რეაგირებით; ერთობლივი ძალისხმევით შეეწყოს ხელი ევროკავშირის მედიაციით 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ქართული მიწა ყოველ დღე ექცევა მცოცავი ანექსიისა და ე.წ. ბორდერიზაციის ქვეშ.ეს გულისხმობს ადამიანთა გატაცებებს, უკანონო დაკავებებს, მიმოსვლის თავისუფლების უკანონო შეზღუდვებს და მშობლიურ ენაზე განათლების უფლების ჩამორთმევას – განსაკუთრებით გალის რაიონში. პანდემიის პერიოდში, ამან პრინციპში შეუძლებელი გახადა სამედიცინო დახმარების მიზნით ადამიანთა ევაკუაცია. ყველა ეს ქმედება უმძიმეს ტვირთად აწევს მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ყოველივე ამის მიზეზი კარგად უნდა გვესმოდეს: წინასწარ დაგეგმილი ეთნიკური წმენდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გამოსადევნად. ამას ბოლო უნდა მოეღოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.