“ქართული ოცნება” არის ოცნება საბჭოთა საქართველოზე – ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, კარგია, რომ ოპოზიცია საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე თანხმდება, თუმცა არჩევნებში გამარჯვებისთვის ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა აუხსნას, რა შეიცვლება ქვეყანაში არჩევნების შემდეგ.

“ოპოზიციამ გასაგებად უნდა თქვას, რა იქნება არჩევნების შემდეგ. როგორ შეიცვლება ეს ქვეყანა, რა ნაბიჯები გადაიდგმება, კონკრეტულად ეკონომიკაში რა გაკეთდება, განათლებაში რა გაკეთდება, სასამართლოში რა გაკეთდება – სასამართლოში უკვე გვაქვს წინასწარი შეთანხმება რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას. ეს მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი”,– ამბობს ჯაფარიძე პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ საზოგადოებას აღუწეროს, რა არის “ქართული ოცნება” და რა დევს მის საპირწონედ. ჯაფარიძის შეფასებით, “ქართული ოცნება” არის ოცნება საბჭოთა საქართველოზე.

“ჩემი ხედვა არის ის, რომ “ქართული ოცნება” არის ჩვეულებრივი ოცნება საბჭოთა საქართველოზე. ამის საპირწონე არის ერთადერთი იდეა, რასაც “გირჩი” ატარებს, მართლა თავისუფალი საქართველო და მართლა თავისუფალი საზოგადოება. ის რასაც ვუყურებთ დასავლეთის ქვეყნებში, რა კეთილდღეობის დონეც მოგვწონს და გვინდა ეგრე ვიცხოვროთ, მაგრამ არ გვესმის, რომ ეს ყველაფერი თავისუფლებამ მოიტანა. გასააზრებელია ეს ოპოზიციის მიერ, რა იდეას ვებრძვით. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ საბჭოთა საქართველო უნდა დავამარცხოთ მართლა და ამას მხოლოდ თავისუფლების იდეა შეძლებს”,– აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, შესაძლოა ჯაფარიძემ იმ ოლქში იყაროს კენჭი, რომელშიც ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდა. ასეთი თბილისში 2 რაიონია – დიდუბე-ჩუღურეთი და საბურთალო.