“ქართული ოცნება გონს მოეგო, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი “- პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგია და “ქართული ოცნება გონს მოეგო.
“ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა როდესაც სახელმწიფო ტყუილ უბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია რომ ქართული ოცნება გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!”- წერს ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 20 000-20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.