პარლამენტის თავმჯდომარის და ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მზად არის მომავალზე პასუხისმგებლობის ასაღებად.
მისი თქმით, პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებით დაიწყო, თუმცა აქტიურ ფაზაში სექტემბრის დასაწყისიდან შევა.
„რასაკვირველია, ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს. იმედი მაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიურად ჩაივლის, იქნება მშვიდი, შედეგებზე ორიენტირებული და პოლიტიკური პარტიები, ლიდერები შევძლებთ, რომ საზოგადოებას ჩვენი პროგრამები და ჩვენი ხედვა გავუზიაროთ.
რასაკვირველია, ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ენდობა თავის მხარდამჭერებს. ჩვენთვის უპირობოდ მისაღები იქნება ის არჩევანი, რასაც ჩვენი საზოგადოება გააკეთებს. მზად ვართ მომავალზე პასუხისმგებლობის ასაღებად და რასაკვირველია, გვაქვს ჩვენი საზოგადოების იმედი, მხარდაჭერის მოლოდინი“,- განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პროპორციულ სიაში მეტი ქალი და მეტი ახალი სახე იქნება.
„რაც შეეხება გუნდის განახლებას, გუნდის განახლება მოხდება პროპორციული სიის ხარჯზე. პროპორციულ სიას ჩვენ წარვადგენთ სექტემბერში და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პროპორციული სიის ფარგლებში ვუზრუნველყოთ, როგორც ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა იყოს, ასევე განვაახლოთ გუნდი იმ ადამიანებით, ვინც გუნდში ახალი ენერგია უნდა შემოიტანონ. სიმართლე არის ის, რომ 30 მაჟორიტარ კანდიდატში 10-ზე მეტი ადამიანი არის ისეთი, რომელიც აქამდე არ ყოფილა საპარლამენტო პოლიტიკაში ჩართული, არ ყოფილა პარლამენტის წევრი”,– ამბობს თალაკვაძე.
მანვე აღნიშნა, რომ მამუკა ბახტაძე პროპორციულ სიაში საკუთარ თავს არ განიხილავს, რადგან საკუთარი კარიერა სხვანაირად აქვს წარმოდგენილი.