“ქართული ოცნება”: მოვუწოდებთ ოპოზიციას, ხელი მოაწეროს დოკუმენტს

ქართული ოცნება ოპოზიციასთან შეხვედრის წინ განცხადებას ავრცელებს.

მმართველი პარტიის თქმით, დანიელსონის დოკუმენტს ხელი მოაწერს “ქვეყნის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით” და მზადყოფნა გამოხატეს, თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობის 40%-იანი პრინციპის გამოყენებაზე.

“ოცნება” მოუწოდებს ოპოზიციას, დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

“ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა. ჩვენი მხრიდან ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენ ოპონენტებს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე უნდა მუშაობდნენ”,– წერია მმართველი პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ხელისუფლება და ოპოზიცია დღეს შეხვედრას გამართავენ. მათი შეხვედრა 2–ჯერ გადაიდო და 19:00 საათზე ჩატარდება.