ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

ქართული ოცნება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ მის პერსპექტივას ვერ ხედავს. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურისთვის საჭირო 100 ხმის არქონის მიუხედავად, ისინი პროცედურას მაინც იწყებენ და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

“პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გარდა ამისა იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოცნების მორიგი დაპირისპირება პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მოყვა ევროპულ ტურნეში წასვლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა.