ქართული ტელემედია ორგანზიაციების ნაწილი ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია  – CCTV-ისთან თანამშრომლობას იწყებს – “სამოქალაქო იდეა”

„ძალიან სამწუხაროა ინფორმაცია –  ქართული ტელემედია ორგანზიაციების ზოგიერთი წარმომადგენელი  ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია  – CCTV-ისთან თანამშრომლობას იწყებს,“ – ინფორმაციას ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ავრცელებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ამგვარი თანამშრომლობა სრულიად გაუგებარი და დამაზიანებელია.

„არსებობს სერიოზულო საფრთხე, რომ ისინი მარტივად გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლნი, გაუთვითცნობიერებლად მიიღონ მონაწილეობა ყალბი ამბების გავრცელებაში და ამით ქვეყნის, არა მარტო ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე, არამედ საგარეო პოლიტიკურ კურსსაც, რომელიც მიმართულია დასავლურ ალიანსებში გაწევრიანებისკენ“, – აღნიშნულია „სამოქალაქო იდეას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია (CCTV) 65 წლის წინ, 1958 წელს დაარსდა და დღემდე ფუნქციონირებს, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთადერთი ავტორიზებული ეროვნული მაუწყებელი. ამჟამად, CCTV-ის მფლობელობაში 40 არხი შედის და წლიურად 300,000 საეთერო საათს იკავებს. CCTV მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) სხვადასხვა დანაყოფებთან. აქედან გამომდინარე, სწორედ პარტია განსაზღვრავს CCTV-ის მიერ გაშუქებული ინფორმაციისა და ახალი ამბების ტიპოლოგიას, რომელიც ხელმისაწვდომია ჩინეთის 1,4 მილიარდი მოქალაქისთვის.  ცენტრალური ტელევიზიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, შენ ჰაიქსიონგი, არა მხოლოდ ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრია, არამედ ცენტრალური კომიტეტის წევრის თანამდებობასაც იკავებს. მანამდე იგი ხელმძღვანელობდა გუანდონგის პროვინციის პროპაგანდის განყოფილებას.

„სამოქალაქო იდეას“ განცხადებით,  გასაკვირი არ არის, რომ CCTV ყველაზე გავლენიანი საინფორმაციო და პროპაგანდისტული მედია ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის შეხედულებების გამოხატვასთან ერთად, აერთიანებს „საგამოძიებო“ გადაცემებს, რომლებიც ემსახურება პარტიის ინტერესებს.  ყველაზე პრობლემატურია ეჭვმიტანილთა საჯარო აღიარებების სერია, რომელსაც  CCTV ხშირად აქვეყნებს გახმაურებულ საქმეებში  ბრალდების წაყენებისა ან მათი დაპატიმრების წინ. CCTV-ის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ანტიდასავლურ პროპაგანდა, სწორედ ჭორებისა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე იხარჯება ამ ტელეკომპანიის საეთერო დროის ყველაზე დიდი ნაწილი.  ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა რუსეთ-უკრაინის ომისა და კოვიდ-19-ის პრიზმიდან.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ქართული მედია საშუალებები აცნობიერებენ, რომ თანამშრომლობას იწყებენ არა რომელიმე დიდი ტელემედიასთან, არამედ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მთავარ პროპაგანდისტულ იარაღთან, ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან,“ – ასეთია „სამოქალაქო იდეას“ პოზიცია.