“ქართულმა ოცნებამ” პიარის თანამშრომლებზე 140 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა – TI

2013-2020 წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებში პიარ-სამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 140.5 მლნ  ლარი დაიხარჯა –   ამის შესახებ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” კვლევას აქვეყნებს, რომელიც 322 სახელმწიფო უწყების მონაცემებს მოიცავს,  მათ შორის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების და  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე  საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებმა პიარში დასაქმებულ თანამშრომლებს ანაზღაურების სახით ბიუჯეტიდან 140.5 მლნ ლარი გადაუხადეს. ყველაზე სოლიდური თანხა, 19.9 მლნ ლარზე მეტი, 2016  წელს დაიხარჯა.
  • 2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, 578-დან 969-მდე (68%) გაიზარდა სახელმწიფო უწყებების პიარში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა.
  • თბილისის მერიამ 2018 წელს ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“ შექმნა, რომელშიც გამგეობებსა და მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში მოქმედი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები გაერთიანდა. დედაქალაქის მერიაში  2020 წელს საშუალოდ 56 თანამშრომელი იყო დასაქმებული, რომელთა ანაზღაურებაზეც 1.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
  • საჯარო ინფორმაცია 322 სახელმწიფო უწყებიდან გამოვითხოვეთ. 35 დაწესებულება ინფორმაცია არ ან არასრულად მოგვაწოდა. მათ შორის, აღსანიშნავია, მთავრობის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელთა წინააღმდეგაც სასამართლოს საჩივრით მივმართეთ და კანონის შესაბამისად, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მოწოდებას მოვითხოვთ.

2013-2020 წლებში პიარსამსახურებში დასაქმებულების რაოდენობა და ანაზღაურება

სახელმწიფო უწყებებში პიარის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურება 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა.

ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 2016 წელს გაიცა და 20 მილიონამდე ლარი შეადგინა. 2020 წელს, პიარ-სამსახურების თანამშრომელთა ანაზღაურებაზე დახარჯულმა თანხამ კი 18.4 მლნ ლარი შეადგინა.[1]

აღსანიშნავია, რომ მსხვილმა უწყებებმა, მათ შორის თავდაცვის სამინისტრომ, 2020 წლის, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მთავრობის ადმინისტრაციამ[2] 2019-2020 წლების მონაცემები არ მოგვაწოდეს, დროის ამ მონაკვეთში  დასაქმებულთა რიცხვი და ხარჯები შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

იხილეთ კვლევა სრულად: