კომიკურია, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის გამარჯვებას ზეიმობს დღეს, მაგრამ სერიოზული ნაწილია, რომ საქართველომ მიიღო ის, რაც უკეთესი იყო დღევანდელ რეალობაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განუცხადა.
„ეს შედეგი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ მიიღო საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, არის კარგი ცვლილებები. ეს არ არის ის, რასაც ითხოვდა ქართული საზოგადოება, ანუ სრულად პროპორციულს, მაგრამ ეს არის გონივრული კომპრომისი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს ივანიშვილს და მის რეჟიმს. ამით არ ამოწურულა ამ ფაზაში მდგომი გამოწვევა – 8 მარტის შეთანხმების მთლიანად შესრულება და ეს გულისხმობს დარჩენილი პოლიტპატიმრის გიორგი რურუას გათავისუფლებას. კომიკურია, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის გამარჯვებას ზეიმობს დღეს, მაგრამ სერიოზული ნაწილია ის, რომ საქართველომ მიიღო ის, რაც უკეთესი იყო დღევანდელ რეალობაზე, მაგრამ ეს საკითხი დამთავრებული არ არის. ჩვენ გვჭირდება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება, მერე გვჭირდება შედარებით ნორმალური კამპანია და მერე უნდა შევაგუოთ ივანიშვილი, რომ ქვეყანისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით და მშვიდობიანი არჩევნების გზით, ის დაკარგავს ძალაუფლებას. ასეთი მავნებლური და სამარცხვინო ხელისუფლების დროსაც კი, გონივრული მოქმედება იძლევა შედეგებს და ეს შედეგია დღეს. ვინმეს რომ ეთქვა ერთი წლის წინ, ივანიშვილის პოლიტიკური „კლოუნები“ იზეიმებდნენ პროპორციული არჩევნების მიღებას და გამოაცხადებდნენ ოპოზიციაზე გამარჯვებადო, შეიძლება ვიღაცას გაეცინა. სიცილს რომ თავი დავანებოთ, წინ გვაქვს სერიოზული ამოცანები. ეს ერთი ამოცანა მიღწეულია და უნდა მივაღწიოთ შემდეგ ამოცანებსაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ყველასთვის, მათ შორის მათთვისაც კარგი იქნებოდა გამოეშვათ რურუა, მაგრამ ივანიშვილს კიდევ ერთხელ უნდოდა გასვლოდა, რომ მე გადავაგდებ საზოგადოგადოებასო და ყველაფერი ნორმალურად არისო, მაგრამ არ არის ყველაფერი ნორმალურად“, – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.