”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” განიხილა პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საჩივარი TV კავკასიის და TV პირველის მიმართ და დაადგინა, რომ მედიას ჟურნალისტიკის პრინციპები არ დაურღვევია.
ელისაშვილი დავობდა აღნიშნული მედიასაშუალებების FAcebook გვერდებზე გამოქვეყნებულ ე.წ ქარდებზე, რომლებზეც მისი ციტატა იყო გამოტანილი : „როცა შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, იმიტომ რომ გესვრის და გაგაქრობს”.
ალეკო ელისაშვილი აღნიშნულ ფრაზას კონტექსტიდან ამოგლეჯილს უწოდებდა.
ქარტიის საბჭომ სხდომის მიმდინარეობისას ალექსანდრე ელისაშვილს ჰკითხა, თუ ის მიიჩნევდა, რომ მისი გამოსვლა მხოლოდ ერთიანად უნდა გაშუქებულიყო და არასწორი იყო არგაღიზიანების პოლიტიკის და რეზოლუციის ტექსტის შეფასების გამიჯვნა, ექნებოდა თუ არა მსგავსი რეაქცია [მაგალითად, ქარტიისათვის მომართვა], თუ მედიასაშუალება გამოაქვეყნებდა მხოლოდ მის სიტყვებს, რომ რეზოლუციის ტექსტი სიბეჩავე და სისაწყლეა. აღნიშნულ კითხვაზე განმცხადებელმა უპასუხა, რომ იგივე რეაქცია არ ექნებოდა.
მხარეთა მოსმენის, მტკიცებულებათა და სადავო მასალების გაცნობის შემდეგ, საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ TV პირველს და TV კავკასიას არ დაურღვევიათ ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის საბჭო აცხადებს:
ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკოსია. მან საკუთარი მოსაზრება წარმოთქვა საპარლამენტო ტრიბუნიდან. სრულიად შესაძლებელი და ლოგიკურია, რომ პოლიტიკოსი, ერთსა და იმავე გამოსვლაში შეეხოს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. გამოსვლის პირველი ნაწილიდან ჩანს, რომ იგი თავდაპირველად აფიქსირებს თავის პოზიციას არგაღიზიანების პოლიტიკაზე: „არგაღიზიანების პოლიტიკას ვეთანხმები თავიდან ბოლომდე“, შემდეგ უკვე ხსნის, რა არის მისთვის არგაღიზიანების პოლიტიკა: „როდესაც შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, რადგან გესვრის და გაგაქრობს“.
მხოლოდ შემდეგ იწყებს რეზოლუციის ტექსტის შეფასებას: „მაგრამ არის სიბეჩავე, სისაწყლე, აი, ეს რეზოლუციის ტექსტი“. გამოსვლის ტექსტში არსად არის პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითება, რომ არგაღიზიანების პოლიტიკის მიმართ ალექსანდრე ელისაშვილის დამოკიდებულება სხვაგვარია და მხოლოდ ამ მომენტში ფიქრობს ასე, ვინაიდან, რეზოლუციის ტექსტზე საუბრობს. აქვე აღსანიშნავია, რომ სხდომის მიმდინარეობისას, როგორც საბჭოს წევრების, ისე მოპასუხე ჟურნალისტის მხრიდან დასმულ კითხვას, თუ რას ნიშნავს ალექსანდრე ელისაშვილისათვის „არგაღიზიანების პოლიტიკა“, მან ცალსახა პასუხს თავი აარიდა. ალექსანდრე ელისაშვილის გამოსვლიდან აუდიტორიამ, ამომრჩეველმა გაიგო მისი ორი შეფასება: 1. არ გაღიზიანების პოლიტიკაზე 2. რეზოლუციის ტექსტზე. შესაბამისად, მედიასაშუალებას არ დაურღვევია ეთიკური პრინციპები, როცა აუდიტორიას მიაწოდა პოლიტიკოსის მოსაზრება, თუ რას ნიშნავს „არგაღიზიანების პოლიტიკა“, როგორც დამოუკიდებელი ამბავი.