კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ის უერთდება დანარჩენ მედია კომპანიებს, რომლებმაც წინააღმდეგობრივი ფილმები და სერიალები საჩვენებელი სიებიდან ამოიღეს. ეს პასუხია შეერთებულ შტატებში მზარდ რასობრივ მგრძნობელობაზე, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირებას აღვივებდეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ “სი-ბი-ესმა” (CBS) აღარ გააგრძელა დოკუმენტური სერიალის “პოლიციელები” კონტრაქტი, რომელიც 32 სეზონი გადიოდა. “ნეტფლიქსმა” კი გასულ პარასკევს ამოიღო “პატარა ბრიტანეთი”. ამ უკანასკნელზე ორშაბათს “ბი-ბი-სი” იუწყებოდა.
“ქარწაღბულნი” მარგარეტ მიტჩელის ბესტსელერია, რომლის მიხედვით გადაღებული 1940 წლის ეპიკური ფილმი ჰოლივუდის კინოკლასიკად მიიჩნევა. კინოში მოქმედება ამერიკის სამხრეთ შტატ ჯორჯიაში, სამოქალაქო ომის პერიოდში ვითარდება. ოსკაროსან ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის მაშინდელი ვარსკვლავები ვივიენ ლი და კლარკ გეიბლი თამაშობენ.
კომპანიის “უორნერ-მედია” პრესსპიკერი აცხადებს, რომ ფილმი ჩვენებაში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდება, რაც მომზადდება სპეციალური წამძღვარება “ისტორიული კონტექსტის” შესახებ და “რასობრივი შინაარსის” შემცველი კადრების დაგმობის თაობაზე.
რასიზმის ამსახველი კადრები “არც მაშინ იყო სწორი და არც ახლა” – ამბობს პრესსპიკერი და დასძენს, რომ სწორედ ამიტომ, მათ ჩათვალეს, რომ ფილმის დატოვება არხის განრიგში სპეციალური ახსნა-განმარტების და რასიზმის დაგმობის გარეშე, მათი მხრიდან “უპასუხისმგებლობა იქნებოდა”.
წყარო: ამერიკის ხმა