ქელეხის კლასტერი ახალციხეში – სოფელ ურაველში 41 ადამიანი დაინფიცირდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში ქელეხის შემდეგ 41 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის ბავშვები და ორსულებიც. სოფლის ექიმის, ჯულიეტა კაპანაძის თქმით, სტაციონარში რამდენიმე ადამიანია გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

“იყო ქელეხი. 84 წლის ქალს პატივი ვეცით, გავასვენეთ, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. 9 აგვისტოდან დაიწყო უკვე ქელეხის კლასტერი. 9 აგვისტოდან დღემდე დაინფიცირდა 19 ოჯახის 41 წევრი. ინფიცირებულია 1 წლამდე 1 ბავშვი. ის გადაყვანილია სტაციონარში. 2 ორსულიც გადაყვანილია თბილისის სტაციონარში. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”. – ამბობს ჯულიეტა კაპანაძე.

21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში დადასტურდა 4 901 შემთხვევა.