„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ქვეყანას მასობრივი შიმშილი ემუქრება.
გიორგი ვაშაძემ დღეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომელიც მისი შეფასებით, ეკონომიკის სწრაფ ამუშავებასა და არაპროპორციული შეზღუდვების უმოკლეს დროში მოხსნას გულისხმობს.
„საქართველოში კორონავირუსთან ერთად, ნომერ პირველი პრობლემა შიმშილია. დიახ, მასობრივი შიმშილი გვემუქრება, თუ იმ მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. ჩვენს გუნდთან ერთად შევისწავლეთ მთელი მსოფლიოს გამოცდილება მსოფლიოს საუკეთესო ეკონომისტებთან, ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად. დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ის ალტერნატიული გზა, რომელიც მაქსიმალურად აგვარიდებს თავიდან სამუშაო ადგილების დაკარგვას და ქვეყანაში მასობრივ შიმშილს. უკვე 45-ე დღეა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გრძელდება. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა მთლიანად ჩაკეტილია. საქართველო დღეში კარგავს 100 მილიონ ლარს და ჯამურად, ჩვენ უკვე გავღარიბდით 4,5 მილიარდი ლარით ანუ, ფაქტობრივად, საქართველო ყოველდღიურად, უფრო და უფრო მეტს კარგავს. კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ხელისუფლების წარმოდგენილი გეგმით კიდევ 76 დღე გვექნება მსგავსი ტიპის შეზღუდვები ქვეყანაში. ეს კი ნიშნავს 6 მილიარდამდე ლარის დაკარგვას ქართული ეკონომიკისთვის, თან ეს გეგმა საერთოდ საზღვრების გახსნას არ ითვალისწინებს. ტყუილია, როცა გვეუბნებიან, რომ საქართველო პირველი იქნება, ვინც ამ შეზღუდვებს მოხსნის, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვეყნის შიგნით შეზღუდვების მოხსნა უკვე დაიწყო“, -განაცხადა მან.
გიორგი ვაშაძის თქმით, მისი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის სამეტაპიანი გეგმა ითვალისწინებს 15 მაისიდან ეკონომიკური და ადმინისტრაციული შეზღუდვების მოხსნას ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, 1-ელი ივნისიდან სახმელეთო საზღვრების გახსნას წინასწარი ტესტირების პირობით და 15 ივნისიდან საჰაერო საზღვრების გახსნას ტურისტების მისაღებად.
„4 ნაბიჯი, რომელიც ჩვენ უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ეს გეგმა შესრულდეს: პირველი ნაბიჯი ეს არის საქართველოს შიდა ეკონომიკის გახსნა და ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების დაწესება. საჯაროდ უნდა დაწესდეს ეპიდუსაფრთხოების სტანდარტები ყველა სექტორისთვის და აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ეტაპი უნდა განხორციელდეს. მეორე ეტაპი – მინიმუმ 100 ათასი ტესტირება უნდა ჩავატაროთ ქვეყანაში იმიტომ, რომ საქართველოში ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნდობა იყოს. მესამე ნაბიჯი არის ტურისტების წინასწარი ტესტირება, როცა ისინი ქვეყანაში შემოდიან. მეოთხე ნაბიჯი ეს არის მასობრივი საინფორმაციო კამპანია ამ თვალსაზრისით. თუ ჩვენ გვინდა მასობრივი შიმშილი ავირიდოთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნას შეზღუდვები“, – განაცხადა ვაშაძემ.