ქვეყანაში დაახლოებით 6 000-მდე „ბუსტერია“ გაკეთებული, მესამე აცრაა საჭირო – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბუსტერ დოზის გაკეთება მათთვის ვინც უკვე 2-ჯერ არის აცრილი აუცილებელია. როგორც გამყრელიძე აცხადებს,  “ომიკრონი” სწრაფად ვრცელდება და მეტად გადამდებია.

,,ძალიან ბევრი კვლევით დადგინდა ის, რომ დაავადების ინფექციის გადატანა 5-6 თვე გრძელდება, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მეტიც იყოს და აცრის შემდგომი პერიოდიც, ამიტომ „ბუსტერი“ გახდა აუცილებელი. სავალდებულოდ არ გამოცხადებულა, მაგრამ ხდება აუცილებელი. ჩვენ კანონმდებლობით უკვე შემოვიღეთ „ბუსტერი“. დღევანდელი რიცხვით სადღაც 6 000-მდე „ბუსტერია“ გაკეთებული ჩვენს ქვეყანაში და თანდათან უფრო მეტი მომართვაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა „ბუსტერს“ ენიჭება დღეს, როცა ახალი შტამი გახდა ე. წ ომიკრონი, რომელიც გაჩნდა აფრიკის ქვეყნებში. ვიცით ის, რომ „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, გადამდებლობა მეტი აქვს, უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, მაგრამ მეტი აგრესიულობა არა აქვს. უფრო რთულად არ მიდის დაავადება და სიკვდილიანობის მატება არ არის. გუშინ გამოქვეყნდა „ფაიზერის“ინფორმაცია, რომელმაც პირველმა ჩაატარა კვლევა „ომიკრონის“ შტამთან “ფაიზერის” ვაქცინის დამცველუნარიანობასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს „ფაიზერის“ აცრის, განსაკუთრებით „ბუსტერის“ გაკეთების შემდგომ გამომუშავებულ ანტისხეულებს მანეიტრალიზებელი თვისებები ამ „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით და დაადასტურა – დიახ , უნდა გაკეთდეს „ბუსტერი“. ჩვენ საქართველოში ძირითადად ვიყენებთ „სინოფარმის“ და „ფაიზერის“ „ბუსტერს“ , უფრო მეტია გაკეთებული „ფაიზერი“ და ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვინც ორჯერ არის აცრილი, მესამე აცრა საჭიროა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.