ქვეყანაში უსაფრთხოების საბჭოა მოსაწვევი, 4 მეზობლიდან 3 საბრძოლო მოქმედებებშია საქართველოს მიმართ რისკები გაზრდილია – ბატიაშვილი

“ქვეყანაში უსაფრთხოების საბჭო არის მოსაწვევი იმიტომ, რომ როდესაც ოთხი უშუალო მეზობლიდან სამი საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული, საქართველოს მიმართ გაზრდილია რისკები, საფრთხეები და გამოწვევები. ამ ყველაფერს შეფასება სჭირდება” – აცხადებს, ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი. მისი თქმით, რეგიონში  განვითარებულ მოვლენებს შეფასება სჭირდება.

„ახლა კი, დავინახეთ, რომ რუსეთის ფაქტორი მკვეთრად არის შემცირებული, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის მიერ ჩამოყალიბებულია, როგორც ერთგვარად ნატო-ს საპირწონე ორგანიზაცია, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები და მეტი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა მას დახმარებისთვის მიმართა, რუსეთმა ვერავითარი ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო. ეს გასაკვირიც არ არის, იმიტომ, რომ ეს ვერ შეძლო არამხოლოდ სომხეთთან მიმართებაში, არამედ დავინახეთ, რომ ხარკოვთან განვითარებული კონტრშეტევის დროს რუსეთმა ვერ შეძლო თავის ჯარისთვის უბრალოდ რეზერვების მიწოდებაც კი, რადგან ფიზიკურად აღარ არის ასეთი რეზერვი, განადგურდა. რუსეთს ფიზიკურად ძალა აღარ დარჩა. ერთი წლის წინ რომ ეს რომ ვიღაცას ეთქვა, შეიძლება ფანტაზიების სფეროც კი ყოფილიყო, მაგრამ ახლა არსებული სიტუაცია ასეთია და რუსეთი არის მილევადი ძალა. მილევის პროცესი კი ძალიან სწრაფად ვითარდება. [..] ახლაც არიან ტყვეები, ახლაც იქნება საჭირო მათი გაცვლა და შუამავლობა, მაგრამ ახლა, როდესაც საქართველოსთვის ძალიან სამწუხაროდ, ხელისუფლება ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, შეიძლება შუამავლობის ეს როლიც, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. რატომ არ იწვევს ხელისუფლება უსაფრთხოების საბჭოს, ამის ზუსტი მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ერთი მხრივ, ეს არის ის,რომ საქართველოში, ზოგადად უნდა ითქვას, რომ ინსტიტუტები მოშლილია და რომელთა მიმართ ნდობა თვითონ ხელისუფლებასაც არ აქვს და ეს ძალიან ცუდია. თუმცა, ეს არის რეალობა, რომელშიც საქართველოს, სამწუხაროდ, ცხოვრება უწევს“,-განაცხადა ბატიაშვილმა.