ქვეყნის მასშტაბით 20 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ბოლნისში 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

“სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციის მიერ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ.

სამართალდამცველებმა, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები”, – თქვა ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

მისივე განცხადებით, პოლიციის მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: 1 ლიტრი და 952 გრამი ამფეტამინის შემცველი სითხე, 50 გრამი ამფეტამინის შემცველი ფხვნილი, 15 გრამამდე მდმა-ს შემცველი ნივთიერება და 200 გრამამდე კოკაინის შემცველი ნივთიერება.

“ქვემო ქართლის პოლიციამ, ბრალდებული ჯ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 კილომდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. აჭარის პოლიციამ კი, ბრალდებული ბ.მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინის 50 აბი.

იმერეთის პოლიციის მიერ ერთ-ერთი დაკავებულის – რ.კ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი, STALKER 2918-UK-ის მოდელის პისტოლეტი”, – განაცხადა ჭელიძემ.