შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპოლიციო ღონისძიების შედეგად,ქვეყნის მასშტაბით ბოლო 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა.
“მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმეტესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სისტემატურად ახდენდნენ. ისინი რეალიზაციისთვის სხვადასხვა გზებსა და მეთოდებს მიმართავდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, კოკაინი, ჰეროინი, ალფა პვპ, მდმა, მეთადონი, სუბოტექსი, ბუპრენორფინი, პრეგაბარინი, ლირიკა და მარიხუანა.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






