აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსით ინიფიცირების 5 ახალი შემთხვევა 60 წლის ქალის უკავშირდება, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია.
ინფიცირებულია ქალის მამა , რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა. ამის გამო აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში პაციენტების მიღება შეწყდა.
„კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნულ კლინიკაში, ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა“, – განაცხადა ნიჟარაძემ.
მისივე თქმით, ინფიცირებული ქალის 37 კონტაქტიდან 17 მედპერსონალია, რომელთა რაოდენობა ჯერ კიდევ ზუსტდება.
„მამა ქობულეთში ცხოვრობს, ინფიცირებულთაგან სამი პირია, რომელიც ქობულეთში მამის სამეზობლოდან არიან. 60 წლის ქალიც ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა და მასთან კონტაქტში 37 პირია გამოკვეთილი. აქედან 17 მედპერსონალია, ხოლო 20 ოჯახის წევრები და მეზობლები არიან. კონტაქტების რაოდენობა ამ დრომდე ზუსტდება, ასევე მედიკოსთა რაოდენობაც ზუსტდება, ვისაც ხუთ ახალ ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა. კლასტერთან დაკავშირებით, ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება და მათ ანალიზი სახლებში აუღეს.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, ისინი კლინიკა „მედალფაში” არიან გადაყვანილი. აჭარაში კორონავირუსით 14 ადამიანია ინფიცირებული“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.