ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა. საოჯახო სასტუმორს 18 მობინადრე საკარანტინო ზონაში, ხოლო 3 მათგანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.
“გუშინ თბილისში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება ქობულეთის კონტაქტები. ჩატარდა PCR გამოკვლევა, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა ქობულეთში, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – თქვა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ეს შემთხვევა ქობულეთში “ჰავანას კლასტერს” არ უკავშირდება.
ამ დროისთვის აჭარაში სულ 26 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. უწყების ცნობით,ამჯამად ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
21 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1385 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1128 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.