ქობულეთში, სოფელ გვარას გამშვებ პუნქტთან, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს საეჭვო სიმპტომების პაციენტები დაეკარგა და ექიმებმა დახმარება ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს სთხოვეს, თუმცა პირები მალევე იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “პირველი“ ავრცელებს.
როგორც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სოფელ გვარადან კორონავირუსზე 4 საეჭვო სიმპტომების მქონე პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ტრანსპორტირებისას მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
„ორი საეჭვო პაციენტი სასწრაფოს ავტომობილში იმყოფებოდა, ხოლო ორი კერძო ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილში მყოფებს ბლოკპოსტზე შეფერხება მოუწია.როდესაც მედიკოსებმა შეამჩნიეს საეჭვო პაციენტები უკან არ მიყვებოდნენ, უკან დაბრუნდნენ. Covid-19-ზე საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პაციენტი მალევე იპოვეს“,- აცხადებენ სამინისტროში.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 266-მდე გაიზარდა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი.