ქოროღლის არქიტექტურული კომპლექსი უხარისხო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საფრთხეშია

ქოროღოს არქიტექტურული კომპლექსი საფრთხეშია. ჩუბინაშვილის ცენტრი ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს კრიტიკულად აფასებს. შეფასებით დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბოლოდროს ჩატარებული სამუშაოების შედეგად ზურგიანი კოშკი საძირკვლამდეა დანგრეული. გარდა ამისა, ღვთისმშობლის ეკლესიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია ზერელედ და უხარისხოდ, რამაც გააუარესა შენობის ესთეტიკური იერი. სპეციალისტების ჯგუფი სასწრაფოდ ითხოვს მიმდინარე პროექტის შეჩერებას და ქოროღოს კომპლექსის რეაბილიტაციის ახალი პროექტის მომზადებას, რომლის შემთხვევაშიც, პროექტზე არაპროფესიონალების მუშაობა უნდა გამოირიცხოს.

ჩუბინაშვილის ცენტრის განცხადებაში წერია:

“ქოროღოს არქიტექტურული კომპლექსის ერთ-ერთი უმთავრესი და, სავარაუდოდ, უძველესი ნაგებობა – ზურგიანი კოშკი თითქმის საძირკვლამდეა დანგრეული. თავისთავად მცდარი გადაწყვეტილება კოშკის დაშლის შესახებ პრაქტიკაში სრულიად ვანდალურად განხორციელდა – პროექტით ნაგულისხმევი “დაშლის” ნაცვლად მოხდა კოშკის ბრუტალური ნგრევა. არ გაკეთებულა სამშენებლო ქვების სავალდებულო მარკირება. ამჟამად კოშკის ნანგრევები სრულებით უსისტემოდაა მიმოფანტული კომპლექსის მთელ პერიმეტრზე, როგორც გალავნის შიგნით, ისე მის გარეთ… კოშკი დაანგრიეს მოსალოდნელი შედეგების გაუაზრებლად. არ იქნა გათვალისწინებული სამშენებლო მასალის – იოლად შლადი ფლეთილი ქვის სპეციფიკა. კედლებზე ფიზიკური ზემოქმედებისას და შემდეგ სიმაღლიდან ჩამოყრისას დიდრონი ქვები წვრილ ნატეხებად დაიმსხვრა. არსებული გროვების დათვალიერებამ აჩვენა, რომ პრაქტიკულად არც ერთი ქვა თავდაპირველი მოცულობით არ გადარჩენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოშკის ხელახლა აგებისას სამშენებლო მასალაც კი არ იქნება ავთენტური. ნგრევის პროცესში არ იზრუნეს კოშკის უმნიშვნელოვანესი ელემენტის – ასომთავრული სამშენებლო წარწერიანი ქვის დაცვაზე. ამჟამად ის სანახევროდ ნანგრევებშია მოყოლილი, ხოლო ნაწილს თუნუქის ნაჭერი ახურავს. ქვა მეორე, უფრო გვიანდელი ნაკაწრი წარწერით, არ იძებნება. ის ნანგრევებშია მოყოლილი და დიდი ალბათობით დამტვრეულია… ზურგიანი კოშკის დანგრევისა და მისი სამშენებლო მასალის დამსხვრევის შემდეგ ძეგლმა შეუქცევადი დაზიანება მიიღო, მისი ავთენტურობა სრულად არის დაკარგული.“