“ქორწილი ყოველდღე შეიძლება ჩატარდეს. არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება“– თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ხსნის, რატომ არ ეხება შეზღუდვები წინასაარჩევნო აქტივობებს და რატომ აიკრძალა სხვა ტიპის ხალხმრავალი ღონისძიებები, როგორიც არის ქორწილი, ქელეხი, იუბილე და ა.შ. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქორწილი არ ცდება ყოფით მოვლენას, არჩევნები კი ქვეყნის ბედს წყვეტს.

“ქორწილი, რამდენადაც ქართული ტრადიციის ზეიმია, დასამახსოვრებელია, შეიძლება, მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც დასამახსოვრებელიც იყოს, მისი მნიშვნელობა არ სცდება რიგით, ყოფით მოვლენას. ეს მაინც ოჯახის, სამეგობრო წრის პრობლემაა. ქორწილი ყოველდღე შეიძლება, ჩატარდეს. არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და ქვეყნის ბედს წყვეტს, მითუმეტეს საქართველოში და მითუმეტეს ეს არჩევნები”, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

საკოორდინაციო საბჭოს 9 სექტემბრის გადაწყვეტილება ქორწინების გაფორმების აკრძალვას არ გულისხმობს. თუმცა ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 კაცს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთივე შეზღუდვა მოქმედებს დაბადების დღეებზე, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე.