ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმ ქრთამის აღების ბრალდებით, თბილსერვის ჯგუფის შიდა კონტროლის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს. ბრალდებული ქალაქ თბილისში, მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისთვის კონტროლის ღონისძიებების თაობაზე წინასწარი ინფორმაციის მიწოდების, მათი დაჯარიმებისგან თავის შეკავებისა და ჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების სანაცვლოდ, ამავე გარემოვაჭრეებთან დაკავშირებული პირებისგან ორ კვირაში ერთხელ 3 000 ლარს ითხოვდა.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება. ბრალდებული დაკავებულია ქრთამის სახით 3 000 ლარის აღებისთანავე და ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მკაცრად აფრთხილებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ კორუფციული დანაშაულისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი უკანონო ქმედებების აღკვეთაზე სამსახურის რეაგირება ყოველთვის იქნება მყისიერი და პრინციპული”, – ვკითხულობთ განცხადებაში.















